VIDEO: იბერიამ დილას ზედიზედ მერვედ მოუგო - რა მდგომარეობაა ეროვნულ ლიგაში
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-11 ტურის მთავარ მატჩში, დილა გორმა იბერია 1999-ს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
მოქმედი ჩემპიონის მხრიდან, ლამაზი საგოლე კომბინაცია, ჯინჯოლავა-ბართიშვილი-ღუდუშაურის მონაწილეობით, დილას ექს-ფეხბურთელმა ეფექტური დარტყმით დაასრულა.
ღუდუშაურისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მე-3 გოლია (1 ასისტიც აქვს), ხოლო 17 წლის ბართიშვილმა საგოლე პასი ზედიზედ მეორე ტურში გააკეთა.
იბერიელებს ანგარიშის გაზრდის ორი მაგარი შანსი ჰქონდათ - დავით კერესელიძემ ჯერ იმავე ღუდუშაურს აუღო ურთულესი ბურთი, შემდეგ კი ჯინჯოლავას საერთოდ 11-მეტრიანი არ გაატანინა და ლამაზი სეივი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ეროვნული ლიგის ეგიდით, იბერიამ დილას ზედიზედ მე-8 ურთიერთშეხვედრა მოუგო.
შედეგად, 11 ტურის შემდეგ, დედაქალაქელებმა ცხრილში ლიდერობა გაიმყარეს და მეორეადგილოსანს კვლავ 4 ქულით გაექცნენ. დინამო თბილისი-სპაერის გარდა, ტურის ყველა მატჩი ჩატარებულია და ცხრილს ასეთი სახე აქვს:
1. იბერია (თბილისი) - 23 ქულა;
2. რუსთავი (რუსთავი) - 19 ქულა;
3. ტორპედო (ქუთაისი) - 16 ქულა;
4. დილა (გორი) - 16 ქულა;
5. სამგურალი (წყალტუბო) - 14 ქულა;
6. სპაერი (თბილისი) - 12 ქულა;
7. დინამო (თბილისი) - 12 ქულა;
8. დინამო (ბათუმი) - 11 ქულა;
9. გაგრა (თბილისი) - 10 ქულა;
10. მეშახტე (ტყიბული) - 10 ქულა.
4-4 გოლით, ბომბარდირთა დავაში 3 ფეხბურთელი ლიდერობს - საბა ძაგანია (იბერია), ჟანი (რუსთავი) და დმიტრი მანდრიჩენკო (დინამო ბათუმი).