-
Aa
+
ფონტის ზომა
მან თანამემამულე ესპანელი ხაუმე მუნარი დაძაბულ ბრძოლაში 5:7, 6:3, 6:1 დაამარცხა.
მსოფლიოს მე-3 ჩოგანმა განაცხადა, რომ მაჯის ტრავმის გამო რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მაღალ დონეზე სტაბილურობის დაბრუნება ჯერ კიდევ უჭირს. გასულ თვეში მან აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალამდე მიაღწია.
„ახლა ვცდილობ, ჩემი ძველი დონე დავიბრუნო. ვიტყოდი, რომ ჯერ კიდევ შორს ვარ მისგან, საკმაოდ შორს“, - განაცხადა ალკარასმა, როდესაც ჰკითხეს, რამდენად ახლოსაა ამჟამინდელი ფორმით გასული წლის წარმატებულ პერიოდთან.
მისი თქმით, თავს „კარგად გრძნობს“, თუმცა ჯერ კიდევ ცდილობს „შეჯიბრებით პროცესში დაბრუნებას, მატჩებისა და ტურნირების რიტმში შესვლას“.
ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა ტოკიოში გამარჯვება შეცდომების მიუხედავად მოიპოვა. განსაკუთრებით გაუჭირდა პირველი სეტის მიწურულიდან მეორე სეტის შუა მონაკვეთამდე, როდესაც რეიტინგის 49-ე ნომერმა მუნარმა მას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.
ალკარასი მძლავრი მოწოდებებითა და აგრესიული მიღებებით ცდილობდა მუნარის წონასწორობიდან გამოყვანას და მეტოქეს ხშირად აიძულებდა, უკანა ხაზზე ერთი მხრიდან მეორეზე ემოძრავა.
დროდადრო ესპანელი ეფექტურ მოკლე დარტყმებსაც იყენებდა, რამაც Ariake Colosseum-ზე შეკრებილი გულშემატკივრების აღფრთოვანება გამოიწვია.
მუნარმა სიმშვიდე შეინარჩუნა და განსაკუთრებით პირველი სეტის მიწურულს კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა. ამ პერიოდში ალკარასი ხშირად აცილებდა ბურთს მოედანს, ხოლო მხოლოდ პირველ სეტში 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
მიუხედავად ამისა, ალკარასი მეტოქეზე ზეწოლას აგრძელებდა. ზუსტი ფორჰენდების, სწრაფი ვოლეებისა და მოკლე დარტყმების დახმარებით მან მეორე სეტში მუნარის მოწოდება პირველ, მე-3 და მე-9 გეიმებში აიღო.
გადამწყვეტ სეტში ალკარასი უკვე სრულად დომინირებდა და შეხვედრა 2 საათსა და 31 წუთში გამარჯვებით დაასრულა.
„არ ვიცი, რა ხდებოდა მეორე სეტის შუა მონაკვეთამდე.
გასულ წელს აქ ბევრი ტიტულითა და დიდი თავდაჯერებით ჩამოვედი... მაგრამ ახლა იმავე შედეგისთვის ვიბრძოლებ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს“, - განაცხადა ალკარასმა.
ფინალში ალკარასის მეტოქე მსოფლიოს მე-19 ჩოგანი, ჩეხი ირჟი ლეჰეჩკა იქნება, რომელმაც მონაკოელი ვალენტინ ვაშერო 6:4, 6:2 დაამარცხა.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები