VIDEO: კიტეიშვილი ბუნდესლიგის ბომბარდირია - შტურმი კვლავ ლიდერობს
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონის ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო მისი შტურმ გრაცი ლიდერია.
ჩემპიონატის 27-ე რაუნდში, შტურმმა უშუალო კონკურენტ ლასკ-თან სტუმრად 1:1 ითამაშა. კიტეიშვილმა ანგარიში პენალტიდან პირველ ტაიმში გახსნა, რასაც მეტოქემ მეორე ნახევარში უპასუხა.
ქართველმა ნახევარმცველმა ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში მე-13 გოლი შეაგდო (3 ასისტიც აქვს), რითაც ბომბარდირთა დავაში სუფთა პირველ ადგილზე გადაინაცვლა - რიდის ზამბიელ შემტევ კინგსტონ მუტანდვას 12 გოლი აქვს, მის შემდეგ კი, 11-11 გოლით, კიდევ 2 ფეხბურთელია.
აღსანიშნავია, რომ ოთარს, ამ გოლის შემდეგ, კარიერის ყველაზე შედეგიანი საჩემპიონატო სეზონი აქვს - აქამდე საუკეთესო სეზონი 12-გოლიანი ჰქონდა.
ყველა საკლუბო ტურნირის ეგიდით, კიტეს წელს 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული და 20 საგოლე მოქმედება შეასრულა - 17 გოლი და 3 ასისტი.
კიტეიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო გრაცელთა კიდევ ერთი ქართველი, გიზი მამაგეიშვილი თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო.
27 ტურის შემდეგ, შტურმს საჩემპიონო ჯგუფში 28 ქულა აქვს და მე-2 ადგილოსან ლასკ-ს - 2-ით, ხოლო მე-3 ადგილოსან ზალცბურგს 3 ქულით უსწრებს. 22 აპრილს გრაცელები ლასკ-ს უკვე თავიანთ არენაზე შეხვდებიან.