2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ლონდონში გაიმართა, მთავარი გმირი, 8-გზის გამარჯვებული ლიონელ მესი არ ესწრებოდა.
არგენტინელი, რომელიც წელსაც 30 ნომინანტს შორის იყო, ამ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
გაირკვა, რომ ინტერი მაიამის კაპიტანი „მესის თასის“ მეორე გათამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრო. ეს არის 16-წლამდელთა ტურნირი, რომელსაც ის საკუთარი კომპანიის, „525 როსარიოს“ მეშვეობით ატარებს. ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობს, მათ შორის ბარსელონა, ჩელსი, მანჩესტერ სიტი, რივერ პლეიტი, ბოკა ხუნიორსი და ნიუელს ოლდ ბოისი.
ესპანური გამოცემა Marca მანამდეც იუწყებოდა, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო მესი ლონდონში არ გაემგზავრებოდა. მანამდე ის ესპანეთში იმყოფებოდა სპორტის დარგში პრინცესა ასტურიელის ჯილდოს მისაღებად, შაბათს კი ინტერი მაიამის შემადგენლობაში ნიუ იორკ რედ ბულსის წინააღმდეგ ითამაშა. ოთხშაბათს გუნდს ცინცინატისთან მორიგი მატჩი ელის და ლონდონში გამგზავრება ფეხბურთელისთვის ზედმეტი დატვირთვა იქნებოდა.
აღსანიშნავია, ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციაც. მისი თქმით, ლიონელ მესის ღონისძიებაზე რომელიმე ჯილდოს გადამცემის სტატუსით მონაწილეობის მისაღებად მოწვევა არ მიუღია.