VIDEO: საგოლე პასი და MVP-ის წოდება - მექვაბიშვილის გუნდი ჩემპიონატის თანალიდერია
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილის უნივერსიტატეა კრაიოვამ, რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის ეგიდით, უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.
კრაიოვამ საკუთარ მოედანზე დედაქალაქურ რაპიდს 1:0 აჯობა, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე პასი გააკეთა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
ბურთს 83-ჯერ შეეხო, 2-ჯერ კარისკენ დაარტყა (ორივე დაბლოკეს), 1 საგოლე შანსი შექმნა და 4 საკვანძო პასი გააკეთა, 66-დან 58 გადაცემა ზუსტად შეასრულა, 6-დან 4 ორთაბრძოლა მოიგო, 1-დან 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 2-დან 0 წარმატებული ვარდნა გააკეთა, 2-ჯერ ბურთი ჩაჭრა და 2-ჯერაც გუნდს ბურთი მოუპოვა.
Sofascore-მა მისი თამაში 7.8 ბალით შეაფასა, რაც ორივე გუნდში მე-2 შედეგია - თანაგუნდელ კარლოს მორას 8.0 ჰქონდა. აი, Flashscore-მა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ანრი დაასახელა - 8.6, მორას 8.2 დაუწერეს.
25 წლის შუახაზელმა წინა შეხვედრაში კლუჟთან გოლი შეაგდო, ახლა კი საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სუპერლიგის 29 მატჩში 2 გოლი და 6 ასისტი აქვს, ხოლო ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 3 გოლი და 8 საგოლე პასი მიითვალა.
ანრის გუნდი რუმინეთის ჩემპიონატის თანალიდერია - კონკურენტი უნივერსიტატეა კლუჟი დამარცხდა და ახლა ორივე გუნდს 39-39 ქულა აქვს.
კრაიოვა მომდევნო ტურში, 27 აპრილს, საჩემპიონო ჯგუფის ბოლო, მე-6 ადგილოსან 30-ქულიან არგეშს სტუმრად შეხვდება. ამის გარდა, სათამაშო კიდევ 4 ტური რჩება.
იქამდე, 23 აპრილს, რუმინეთის თასის 1/2 ფინალური მატჩია - დინამო ბუქარესტთან.