VIDEO: უდიდესი ქამბექი ბოლო 14 წელში - ნიქსმა კავალიერსს დრამატულად მოუგო
20 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, ნიუ იორკ ნიქსმა კლივლენდ კავალიერსს გამარჯვება ჯიბიდან ამოაცალა და სერიაში ანგარიში გახსნა - 1:0.
მატჩის დასრულებამდე 7:52 წუთით ადრე, კავალიერსი 22-ქულიანი სხვაობით (93:71) იგებდა, თუმცა ნიუ იორკელებმა 18:1 გაქცევა მოაწყეს, თამაში ოვერტაიმში გადაიყვანეს, მისი დაწყებისთანავე 9:0 გაქცევით კი შეხვედრის ბედიც გადაწყვიტეს (ოვერტაიმის ანგარიში 14:3-ია) - 115:104.
"სამი მეოთხედის განმავლობაში ძალიან მაგარ კალათბურთს ვთამაშობდით. მეოთხე მეოთხედში ისინი ჩვენზე დომინირებდნენ", - განაცხადა მატჩის შემდეგ კლივლენდელთა მწვრთნელმა, კენი ატკინსონმა.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, პლეი-ოფის მატჩის მე-4 მეოთხედში ამაზე უფრო დიდი ქამბექი ერთხელ, 2012 წელს დაფიქსირდა - კლიპერსმა მემფისს 24-ქულიანი სხვაობიდან მოუგო.
უშუალოდ ნიუ იორკ ნიქსისთვის ეს ყველაზე დიდი ქამბექია 1970 წლის შემდეგ, როცა მათ 2-დან პირველი ჩემპიონობა იზეიმეს.
ნიქსს ჯეილენ ბრანსონმა ულიდერა - 38 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი, 3 ჩაჭრა. 18-ქულიანი მატჩი ჰქონდა მაიკალ ბრიჯისს, ხოლო ოგუგუა ანუნობიმ, ჯოშ ჰარტმა და კარლ-ენტონი თაუნსმა 13-13 ქულა მიითვალეს (თაუნსმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 13 მოხსნა, 5 ასისტიც).
სტუმართა მხარეს საუკეთესო დონოვან მიტჩელი იყო (29 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 6 ჩაჭრა), ჯეიმს ჰარდენმა 15 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი ჩაიწერა აქტივში, ევან მოუბლის კი ორმაგი დუბლი ჰქონდა - 15 ქულა, 14 მოხსნა, 3 ასისტი.
ნიქსმა, რომელსაც წინა სერიის ადვილად მოგების გამო 10-დღიანი დასვენება გამოუვიდა, ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს და მომდევნო თამაშსაც მედისონ სქუეარ გარდენში ჩაატარებს - 22 მაისის 04:00 საათზე.