VIDEO: უინტრიგო GAME 7 - დეტროიტმა გოგას ორლანდოს სერია მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა 2025-26 წლების სეზონი პლეი-ოფის პირველსავე ეტაპზე დაასრულა. დეტროიტ პისტონსთან მე-7 მატჩში დამარცხდნენ - 94:116.
ფლორიდელები სერიას 3:2-ს იგებდნენ, მე-6 მატჩში კი საკუთარ დარბაზში 24-ქულიანი უპირატესობით იყვნენ წინ, თუმცა ზედიზედ 23 სროლა გააფუჭეს, მეტოქეს გამარჯვების საშუალება მისცეს და გადამწყვეტ დაპირისპირებას ურთულეს მენტალურ მდგომარეობაში შეხვდნენ.
ყველაზე შედეგიანი მეჯიქის ლიდერი პაოლო ბანკერო იყო - 38 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი. მის შედეგთან ახლოს არც ერთი თანაგუნდელი ყოფილა. აი, მიჩიგანელთა შორის კი გამარჯვებაში დიდი წვლილი, ტრადიციულად, კეიდ კანინგემმა (32 ქულა, 1 მოხსნა, 12 ასისტი) და ტობაიას ჰარისმა (30 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი) შეიტანეს. გოგა, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მთელი შეხვედრა სათადარიგოთა შორის დარჩა.
შედეგად, აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარულის პირველადგილოსანმა დეტროიტმა მე-8 ადგილოსან ორლანდოსთან რთულად, მაგრამ მაინც მოიგო და პლეი-ოფის მეორე ეტაპზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა დეტროიტ პისტონსმა პლეი-ოფის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. პისტონსმა ეს წარუმატებელი სერია დაასრულა, ორლანდო კი პლეი-ოფის მეორე ეტაპზე გასვლას 2010 წლიდან მოყოლებული ვერ ახერხებს.
მიჩიგანელები შემდეგ ეტაპზე შეხვდებიან კლივლენდ კავალიერსს, რომელმაც სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსთან ასევე 7-მატჩიანი სერია მოიგო.
დეტროიტი კლივლენდის სერიის საწყისი ორი მატჩი დეტროიტში ჩატარდება - 6 მაისის 03:00 საათსა და 8 მაისის 03:00 საათზე.