VIDEO: ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მესამედ - იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონია
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული იბერია 1999 გახდა. ბოლო ტურის შეხვედრაში გაგრას 2:1 მოუგეს და ზედიზედ მე-2, ხოლო ისტორიაში მე-3 ჩემპიონობა გაიფორმეს - 2018; 2024 და 2025.
ბოლო ტურის წინ, იბერია 1999 და გორის დილა 77-77 ქულით იყვნენ და ერთმანეთის პარალელურად ითამაშეს - გორელები თენგიზ ბურჯანაძეზე დინამო თბილისს მასპინძლობდნენ.
ანგარიში, 24-ე წუთზე, გიორგი ჯინჯოლავასა დარტყმისა და მეკარე არსენ სიუკაევის შეცდომის შემდეგ გაიხსნა. იბერიელთა მცველმა პირდაპირ მეკარის მიმართულებით დაარტყა, თუმცა რუსმა გოლკიპერმა ბურთს ხელები სათანადოდ ვერ დაუხვედრა.
ჯინჯოლავამ 2025 წლის სეზონის 25-ე შეხვედრაში მე-6 საგოლე მოქმედება მიითვალა. დასკვნით ტურებში განსაკუთრებულად მოუმატა და ბოლო 6 თამაშში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 3 გოლი და 2 ასისტი.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ჯინჯოლავა იბერიას ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სამივე საჩემპიონო სეზონისას გუნდის ღირსებას იცავდა.
32-ე წუთზე, მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა იბერიელთა შემტევი ამირან ძაგანია გააძევა, რასაც მეორე ტაიმში, მე-60 წუთზე, დავით მუჯირის ვარდნაში ქუსლით გატანილი სუპერ გოლი და ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა. მუჯირმა შეაგდო ისეთი გოლი, პუშკაშის წლის გოლის ნომინანტებში მოხვედრა რომ შეუძლია.
მუჯირის გოლის მომენტში, დილა დინამო თბილისთან 0:1 მარცხდებოდა, იბერიელები შედარებით ანერვიულდნენ, მაგრამ თამაშის განახლებიდან რამდენიმე წამში მათმა კაპიტანმა, გიზი მამაგეიშვილმა სეზონში მე-6 და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო, რაც საჩემპიონო გარანტია გამოდგა - 2:1.
მამაგეიშვილი ეროვნული ლიგის დასრულებულ სეზონში, 8 საგოლე პასით, ტურნირის საუკეთესო ასისტენტი გახდა, ჯამში კი 14 საგოლე მოქმედებას მოუყარა თავი, რაც ჩემპიონების რიგებში მე-2 შედეგი გახლდათ - აგვისტოში გუნდიდან ესპანურ კადისში წასულმა იური ტაბატაძემ, რომელმაც 20 თამაშის ჩატარება მოასწრო, 15 გოლი შექმნა (11 გოლი და 4 ასისტი).
საბოლოოდ, ჩემპიონმა დედაქალაქელებმა 36-დან 24 მატჩი მოიგეს, 8 ფრედ დაასრულეს და 4-ჯერ დამარცხდნენ - თელავთან, კოლხეთთან, დინამო თბილისთან და ტორპედო ქუთაისთან (ყველა ეს წაგება 2 აგვისტოდან, ანუ ევროტურნირების შემდეგ იყო).
ხაზგასასმელია, რომ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გუნდს სეზონის მიმდინარეობისას მწვრთნელი 2-ჯერ გამოუცვალა - ჩემპიონობაში 18-თამაშიანი წვლილი ლევან კორღალიძეს აქვს, ერთ მატჩში მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ანზორ ცხვიტავა ასრულებდა, 7 შეხვედრაში ტექნიკურ ზონაში გია გეგუჩაძე იმყოფებოდა, საჩემპიონო ბოლო 10 ტურში (9 მოგება და 1 წაგება) კი გუნდს 29 წლის გუგა ნერგაძე უძღვებოდა.
იბერიელებს დუბლის შესრულების შანსი ექნებათ - 10 დეკემბერს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ მატჩში გორის დილას ხვდებიან.