კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი შედის, ლივერპულის დაახლოებით მესამედის შეძენასთან ახლოსაა.
Sky News-ის ინფორმაციით, Fenway Sports Group (FSG), რომელიც ენფილდური კლუბის საკონტროლო პაკეტს 2010 წლიდან ფლობს, გარიგების შესახებ განცხადების გასაკეთებლად ემზადება და ეს შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირაში მოხდეს.
გარიგების მიხედვით, ჯეფ ბეზოსი ინვესტორთა ჯგუფში Facebook-ის ერთ-ერთ თანადამფუძნებელ ედუარდო სავერინთან ერთად იქნება წარმოდგენილი.
კონსორციუმს ამიტ ბჰატია ხელმძღვანელობს, ფოლადის ინდუსტრიის მილიარდერის, ლაკშმი მიტალის სიძე, რომელიც ბოლო პერიოდამდე ჩემპიონშიფის კლუბ ქუინზ პარკ რეინჯერსის აქციონერი იყო.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ პროცესი მომდევნო კვირამდე გადაიდოს.
გარიგების დასრულების შემთხვევაში, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისგან შემდგარი ტრიო ლივერპულის თანამფლობელი გახდება.
Forbes-ის შეფასებით, მხოლოდ ჯეფ ბეზოსის ქონება 280 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო ედუარდო სავერინის ქონება 32 მილიარდ დოლარზე მეტია.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი ინვესტიციის ფარგლებში ლივერპულის ღირებულება 6 მილიარდ დოლარად შეფასდება, რაც ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გარიგებად აქცევს მას.