-
Aa
+
ფონტის ზომა
წარუმატებელი ერთა ლიგის შემდეგ ნაკრები ევრო 2028-ის შესარჩევ ეტაპზე კონცენტრირდება, რომელიც სტარტს 2027 წლის მარტში აიღებს. ეს ევროპის ჩემპიონატის მერვე საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება, რომელშიც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს. სულ, მუნდიალის შესარჩევების ჩათვლით მივათვლით კი მე-17. დღევანდელ ბლოგში საქართველოს ნაკრების წარმატებულ და წარუმატებელ შესარჩევებზე მოგიყვებით.
საქართველოს ნაკრები დიდ ფორუმზე შესარჩევი ციკლიდან არასდროს მოხვედრილა - ევრო 2024-ზე ჩვენები ერთა ლიგის პლეი-ოფის მოგების შემდეგ მოხვდნენ, ევრო 2020-ზე კი იგივესთან ძალიან ახლოს იყვნენ.
სხვადასხვა წლებში ნაკრები გუნდების განსხვავებული რაოდენობით დაკომპლექტებულ ჯგუფებში ხვდებოდა, ყოფილა ოთხ, ხუთ, ექვს და შვიდგუნდიანი ჯგუფებიც, ამიტომ წარმატებას არა დაკავებული პოზიციით, არამედ მაქსიმალური შესაძლო ქულებიდან აღებული ქულების პროცენტული მაჩვენებლით შევაფასებთ.
საინტერესოა, რომ ამ მხრივ ყველაზე წარმატებული საქართველოს ნაკრების პირველი შესარჩევი ციკლი აღმოჩნდა - ევრო 1996, რომელიც 1994-95 წლებში გაიმართა და თბილისში მოლდოვასთან სენსაციური მარცხით დაიწყო. საბოლოოდ, ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ექვსგუნდიან ჯგუფში მაქსიმალური ქულების 50%, 15 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
იმისთვის რომ მეორე და მესამე საუკეთესო შედეგი ვიპოვოთ, ევრო 96-დან შორს წასვლა არაა საჭირო - ქულების 41,7%-იანი მაჩვენებელი 1998 და 2002 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპებზე დაფიქსირდა.
1998 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო ინგლისთან, იტალიასთან, პოლონეთთან და მოლდოვასთან მოხვდა - პირველ ორ მატჩში, იტალიასთან და ინგლისთან ნაკრებს ალექსანდრე ჩივაძე ხელმძღვანელობდა, გათამაშება კი მთავარი მწვრთნელის რანგში დავით ყიფიანმა ჩაამთავრა. ნაკრებმა 10 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილი დაიკავა.
2002 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირიქით მოხდა - ციკლი ყიფიანმა დაიწყო და ჩივაძემ დაასრულა. ნაკრებმა იტალიით, რუმინეთით, უნგრეთით და ლიეტუვით დაკომპლექტებულ ხუთგუნდიან ჯგუფში 10 ქულა აიღო და მესამე ადგილი დაიკავა.
საქართველოსთვის ყველაზე წარუმატებელი 2010 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპი გამოვიდა. ექტორ კუპერის გუნდი ჯგუფში იტალიასთან, ირლანდიასთან, ბულგარეთთან, კვიპროსთან და მონტენეგროსთან ერთად მოხვდა.
10 შეხვედრიდან ნაკრებმა ვერც ერთის მოგება მოახერხა, სამჯერ ფრე ითამაშა და შვიდჯერ დამარცხდა, მათ შორის ყველაზე მძიმე ბულგარეთში განცდილი 6:2 იყო. ნაკრებმა შესაძლო ქულების 10% მოაგროვა და ბოლო ადგილი დაიკავა.
ამ შედეგისგან შორს 2025 წელს არც ვილი სანიოლის ნაკრები ყოფილა - 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე სადაც საქართველო ჯგუფში ესპანეთთან, თურქეთთან და ბულგარეთთან მოხვდა, მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა და დანარჩენ ხუთ მატჩში დამარცხდა.
სანიოლის გუნდმა 3 ქულა დააგროვა, რაც მაქსიმალური ქულების 16.7%-ია და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
იდენტური შედეგი, 16,7%-იანი შედეგი დააფიქსირა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2000-სა და 2018 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ციკლებში. პირველ შემთხვევაში ჯგუფში ნორვეგიასთან, სლოვენიასთან, საბერძნეთთან, ლატვიასთან და ალბანეთთან მოხვედრილი საქართველო 5 ქულით ბოლო, მეექვსე პოზიციზე გავიდა. შესარჩევი მთავარი მწვრთნელის რანგში ვლადიმერ გუცაევმა დაიწყო, ხოლო ბოლო ხუთ მატჩში ნაკრებს იან ბოსკამპმა უხელმძღვანელა.
მეორე შემთხვევაში ვლადიმერ ვაისის ნაკრები ვერ წარდგა შესაფერისად - სერბეთი, ირლანდია, უელსი, ავსტრია, მოლდოვის ჯგუფში ჩვენებმა 5 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ეროვნული ნაკრების მიერ ჩატარებული საკვალიფიკაციო ეტაპებისა და იქ ნაჩვენები შედეგების სრული სია ასე გამოიყურება:
(შედეგები დალაგებულია საუკეთესოდან უარესისკენ მიმდევრობით)
ევრო 1996 - ალექსანდრე ჩივაძე - მესამე ადგილი - 15 ქულა - მაქსიმალური ქულების 50%
მსოფლიო 98 - ალექსანდრე ჩივაძე/დავით ყიფიანი - მეოთხე ადგილი - 10 ქულა - მაქსიმალური ქულების 41.7%
მსოფლიო 2002 - ალექსანდრე ჩივაძე/დავით ყიფიანი- მესამე ადგილი - 10 ქულა - მაქსიმალური ქულების 41.7%
ევრო 2012 - თემურ ქეცბაია - მეხუთე ადგილი - 10 ქულა - მაქსიმალური ქულების 37%
ევრო 2020 - ვლადიმერ ვაისი - მეოთხე ადგილი - 8 ქულა - მაქსიმალური ქულების 33.3%
ევრო 2024 - ვილი სანიოლი - მეოთხე ადგილი - 8 ქულა - მაქსიმალური ქულების 33.3%
ევრო 2016 თემურ ქეცბაია/კახა ცხადაძე - მეხუთე ადგილი - 9 ქულა - მაქსიმალური ქულების 30%
ევრო 2004 - ალექსანდრე ჩივაძე/ივო შუშაკი/მერაბ ჟორდანია - მეხუთე ადგილი - 7 ქულა - მაქსიმალური ქულების 29.2%
მსოფლიო 2022 ვილი სანიოლი - მეოთხე ადგილი - მაქსიმალური ქულების 29.2%
ევრო 2008 - კლაუს ტოპმიოლერი - მეექვსე ადგილი - 10 ქულა - მაქსიმალური ქულების 27.8%
მსოფლიო 2006 - ალენ ჟირესი/გაიოზ დარსაძე - მეექვსე ადგილი - 10 ქულა - მაქსიმალური ქულების 27.8%
მსოფლიო 2014 - თემურ ქეცბაია - მეოთხე ადგილი - 5 ქულა - მაქსიმალური ქულების 20.8%
ევრო 2000 - ვლადიმერ გუცაევი/იან ბოსკამპი - მეექვსე ადგილი - 5 ქულა - მაქსიმალური ქულების 16.7%
მსოფლიო 2018 - ვლადიმერ ვაისი - მეხუთე ადგილი - 5 ქულა - მაქსიმალური ქულების 16.7%
მსოფლიო 2026 - ვილი სანიოლი - მესამე ადგილი - 3 ქულა - მაქსიმალური ქულების 16.7%
მსოფლიო 2010 - ექტორ რაულ კუპერი - მეექვსე ადგილი - 3 ქულა - მაქსიმალური ქულების 10%

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები