გიორგი ქოჩორაშვილი სანაკრებო მატჩების შემდეგ სევილიაში დაბრუნდა და 21 ნოემბერს, ლა ლიგის მე-13 ტურში ბეტისთან გასამართი პირველი სევილიური დერბისთვის მზადება დაიწყო.
ნახევარმცველმა აღნიშნა, რომ დერბის წინ განსაკუთრებული ყურადღება ფსიქოლოგიურ მომზადებას დაეთმო და მაქსიმუმს გაიღებს გუნდის დასახმარებლად:
ჩემთვის ეს პირველი დერბია. მითხრეს, რომ დერბისთვის სამზადისი აბსოლუტურად განსხვავებული პროცესია და დღეს მართლაც შევიგრძენი ეს ატმოსფერო. რამდენადაც ეს დერბი ჩემთვის ახალი გამოცდილებაა, მას დიდი ენთუზიაზმით ვხვდები. ამ სამზადისში დარწმუნებული ვარ ჩვენი შემადგენლობის პოტენციალში და მჯერა ჩემი თანაგუნდელების, თავად კი ბოლომდე დავიხარჯები - ტექნიკურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად.
მან ასევე ხაზი გაუსვა მუდმივი კონცენტრაციის მნიშვნელობას და რამონ სანჩეს პისხუანის სტადიონზე არსებულ ატმოსფეროს:
ნაკრებში ყოფნის დროს ხშირად მეკითხებიან, როგორი ატმოსფეროა სევილიას სტადიონზე, მაგრამ სიტყვებით ძნელია იმ შეგრძნების გადმოცემა, რაც რამონ სანჩეს პისხუანზე გულშემატკივართა სიმღერის მოსმენისას გეუფლება. გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვიცით, რომ ბეტისი ძლიერი მეტოქეა და სატურნირო ცხრილშიც ჩვენზე მაღლა იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაშიც გამოდის, მაგრამ საკუთარ კედლებში თამაში ყოველთვის მძლავრ იმპულსს გვაძლევს.
12 ტურის შემდეგ სევილიას 18 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა. ქოჩორაშვილმა მიმდინარე ლა ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, ერთ შეხვედრაში კი ესპანეთის თასზე მიიღო მონაწილეობა.