ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის – პსჟ, მიუნხენის ბაიერნი, ლონდონის არსენალი და მადრიდის ატლეტიკო 2026 წლის ფინალის საგზურისთვის იბრძვიან.
სანამ გაირკვევა, ვინ გახდება ამ სეზონის გმირი, საინტერესოა გადავხედოთ იმ მოთამაშეებს, რომლებმაც ტურნირის ამ ეტაპზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს. ნახევარფინალში თავის გამოჩენა მხოლოდ რჩეულების ხვედრია, თუმცა რეკორდსმენის ნიშნულამდე მისვლა თითქმის შეუძლებელი ჩანს.
აი, ათეული:
10. ზინედინ ზიდანი – 4 გოლი
ფრანგმა ლეგენდამ ნახევარფინალებში გოლები ჯერ იუვენტუსის, შემდეგ კი მადრიდის რეალის მაისურით გაიტანა. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბურთი 2002 წელს ბარსელონას კარში გავიდა.
9. არიენ რობენი – 4 გოლი
ნიდერლანდელმა ნახევარფინალებში ოთხივეჯერ მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაში გამოიჩინა თავი. მან ლიონის, მადრიდის რეალისა და ბარსელონას კარი დალაშქრა.
8. ტომას მიულერი – 4 გოლი
საინტერესო ფაქტი: მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარფინალებში გატანილი ოთხივე გოლი მხოლოდ ბარსელონას გაუტანა (2013 და 2015 წლებში).
7. სადიო მანე – 4 გოლი
სენეგალელმა ოთხივე გოლი ლივერპულში თამაშისას შეაგდო. მან რომა და ვილიარეალი ორივე მატჩში (შინ და გარეთ) დაამწუხრა.
6. იარი ლიტმანენი – 5 გოლი
ფინელმა ვარსკვლავმა აიაქსის შემადგენლობაში მიუნხენის ბაიერნსა და პანათინაიკოსს გაუტანა. მოგვიანებით ის ბარსელონაშიც თამაშობდა, თუმცა იქ ევროტურნირებზე გოლი არ გაუტანია.
5. ალესანდრო დელ პიერო – 5 გოლი
იუვენტუსის ლეგენდამ 1998 წელს მონაკოს ჰეთ-თრიკი შეუსრულა, ბოლო ნახევარფინალური გოლი კი 2003 წელს მადრიდის რეალს გაუტანა.
4. ლიონელ მესი – 6 გოლი
არგენტინელმა წყევლა 2011 წელს, მადრიდის რეალთან დუბლით გატეხა. მისი ბოლო გოლები ამ ეტაპზე 2019 წელს, ბარსელონას მაისურით ლივერპულის კარში გატანილი ორი ბურთია.
3. რობერტ ლევანდოვსკი – 7 გოლი
პოლონელმა თავის პირველივე ნახევარფინალში დორტმუნდის ბორუსიას მაისურით მადრიდის რეალს 4 გოლი გაუტანა. დანარჩენი 3 ბურთი მან მიუნხენის ბაიერნში თამაშისას შეაგდო.
2. კარიმ ბენზემა – 8 გოლი
მადრიდის რეალის ყოფილმა ფორვარდმა ნახევარფინალებში 8-ჯერ გამოიჩინა თავი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი 2021-22 წლების სეზონი იყო, როდესაც მანჩესტერ სიტისთან ორივე მატჩში გაიტანა.
1. კრიშტიანუ რონალდუ – 13 გოლი
აბსოლუტური რეკორდსმენი. პორტუგალიელმა სერია მანჩესტერ იუნაიტედში დაიწყო, ხოლო მადრიდის რეალში ყოფნისას, ატლეტიკოსთან ჰეთ-თრიკით დაასრულა. ეს მაჩვენებელი მიუწვდომელი ჩანს.