ბიზნესმენი ენრიკე რიკელმე დღეს ოფიციალურად დაადასტურებს საკუთარ კანდიდატურას მადრიდის რეალის საპრეზიდენტო არჩევნებზე, იტყობინება El Confidencial.
სპორტულ წრეებში არსებული წყაროების თანახმად, ბიზნესმენი აქცენტს ორ ისეთ ფიგურაზე აკეთებს, რომლებმაც სოსიოების (კლუბის წევრების) სიმპათია უნდა მოიპოვონ. კერძოდ, ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის მოწვევას გეგმავს, ხოლო ვარსკვლავურ ტრანსფერად ერლინგ ჰალანდს განიხილავს.
მანჩესტერ სიტის ფორვარდის შეძენა იქნება ხმაურიანი სვლა, რომელიც მიზნად ისახავს მოქმედი პრეზიდენტისთვის, ფლორენტინო პერესისთვის სერიოზული გამოწვევის შექმნას.
მოლაპარაკებების მიმდინარეობასთან დაახლოებული წყაროების ინფორმაციით, რიკელმემ კლოპის გარემოცვასთან უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა. მას სურს, რომ Red Bull-ის საფეხბურთო მიმართულების ამჟამინდელი ხელმძღვანელი თავისი საარჩევნო პროექტის მეორე ქვაკუთხედად აქციოს.
ამ რესურსების გამოყენებით, რიკელმე აპირებს დაარწმუნოს სოსიოები იმაში, რომ რეალს „ახალი სისხლი“ სჭირდება. ეს ეხება არა მხოლოდ კლუბის უმაღლეს ხელმძღვანელობას, არამედ ორგანიზაციის ყველა დონეს, განსაკუთრებით კი სპორტულ დეპარტამენტს.