კონფერენს ლიგის ფაზის მეოთხე ტურში იბერია 1999-ისა და ხეტაფეს მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ორ ფრონტზე ბრძოლასა და წინა ტურში კოპენჰაგენთან მსაჯობაზე ისაუბრა.
კორღალიძის თქმით, მისი სურვილია სტერეოტიპის დამსხვრევა, თითქოს გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ მაინც წააგო:
მიუხედავად იმისა, რომ კოპენჰაგენში წავაგეთ, ღირსეულად წარმოვაჩინეთ თავი. ჩემი სურვილია, დაიმსხვრეს სტერეოტიპი - კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ, ჩვენ სწორედ ამისკენ მივისწრაფვით, თუ კარგად ვითამაშებთ, უნდა მოვიგოთ. ასეთი რეჟიმისთვის არ ვიყავით მზად, მაგრამ შუა გზაში მომიწია მე პირადად რაღაცების შეცვლა, ყველანაირად ვეცადეთ, რომ ძალები ისე გაგვენაწილებინა, რომ ორივე ფრონტზე მაქსიმალურად წარმოგვეჩინა თავი.
ტრავმების მიუხედავად, ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზადაა ეროვნულ ლიგაში მაღალი მიზნებისთვის საბრძოლველად და კონფერენს ლიგაზეც ღირსეულად გამოსასვლელად. მიალბისთან ფრე ვითამაშეთ და ჩემი ყავარჯნები დაფრინავდა გასახდელში თამაშის მერე. ყველა თამაშზე გამარჯვებისთვის გავდივართ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგ შედეგს მივაღწიოთ.
მწვრთნელი ასევე შეეხო კოპენჰაგენთან შეხვედრის მსაჯობას და აღნიშნა, რომ წარსულის შეცდომებზე ფიქრს აწმყოზე კონცენტრირება სჯობს:
ვცდილობ, მსაჯებზე ხმა არ ამოვიღო, მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები არის. ისინიც ადამიანები არიან, ვფიქრობ, შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, წარსულზე გამოკიდებას, სჯობს აწმყოზე ვიფიქროთ.
იბერია 1999-ისა და ხეტაფეს მატჩის ბილეთების ყიდვა ამ ლინკზე შეგიძლიათ.