ზე რობერტო გულახდილია. 51 წლის ბრაზილიელი პროფესიონალურ კარიერას იხსენებს და იმ შეცდომებს აანალიზებს, რომლებმაც რეალ მადრიდში მისი ასპარეზობა მნიშვნელოვნად შეაფერხა.
ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ ასწავლა მარცხმა ფეხბურთელს დისციპლინა, რომლის წყალობითაც დღეს ის ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია. „დღეს კრიშტიანუ რონალდუზე მეტად დისციპლინირებული ვარ“, — განაცხადა მან Globo-სთან ინტერვიუში.
ზე რობერტო მადრიდში დიდი მოლოდინებითა და ტალანტის წყალობით ჩავიდა, თუმცა ბრაზილიელი აღიარებს, რომ შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენა: „ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებამ ჩემს თამაშზე ცუდად იმოქმედა“. უძილო ღამეებმა და კვების რეჟიმის დარღვევამ შედეგი მალევე გამოიღო. „ბევრ ორცხობილას ვჭამდი, ერთ კოლოფს დავამთავრებდი და მეორეს ვიწყებდი. სანამ მივხვდებოდი, წონაში საგრძნობლად მოვიმატე“, - გულწრფელად ამბობს ყოფილი ფეხბურთელი.
მისი თქმით, რეალ მადრიდში ადაპტაცია რთული გამოდგა. ის მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ისე აღმოჩნდა, რომ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მზად არ იყო. მის გარშემო ვარსკვლავები ძვირადღირებული მანქანებითა და დახვეწილი კოსტიუმებით დადიოდნენ, თავად კი ძალიან უბრალოდ ეცვა. „რობერტო კარლოსი მეხუმრებოდა, იფიქრებენ, რომ გასახდელის შესაღებად მოხვედიო“, - იხსენებს ის იუმორით.
შეცდომებზე სწავლა
ზე რობერტო არ გატყდა მაშინაც კი, როცა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამოიძახეს: „იმედგაცრუებული ვიყავი, მუნდიალისთვის არც კი მიყურებია“. თუმცა, მან ძალები მოიკრიბა და მომდევნო ტურნირისთვის ადგილი მაინც დაიმსახურა. წარსულმა შეცდომებმა მას დისციპლინა ასწავლა, რაც დღემდე მისი ცხოვრების წესია. 51 წლის ასაკში მას სტაბილური სამსახური და ისეთი ფიზიკური ფორმა აქვს, რომელიც ბევრ მოქმედ სპორტსმენს შეშურდება.