მსოფლიოს 204-ე ჩოგანმა, ვალენტინ ვაშერომ შანხაის მასტერსის ფინალურ შეხვედრაში არტურ რინდერკნეში 4:6; 6:3; 6:3 დაამარცხა და, 1990 წლის შემდეგ, ATP-ის მასტერსის სერიის ტურნირების ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგიანი ჩემპიონია.
"ეს არარეალურია. წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ახლა. ამაზე არც კი ვოცნებობდი! უბრალოდ სიგიჟეა!
უბრალოდ ძალიან კმაყოფილი ვარ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემი გამოსვლით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავიდანვე დამეხმარა ჩემს კარიერაში. ერთი დამარცხებული უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღეს ორი გამარჯვებულია, ერთი ოჯახი, რომელმაც გაიმარჯვა. და ვფიქრობ, რომ ჩოგბურთის სპორტისთვის ეს ამბავი არარეალურია", - განაცხადა ვაშერომ.
შანხაის მასტერსის ჩემპიონი "ერთ გამარჯვებულ ოჯახში" გულისხმობდა იმას, რომ რინდერკნეში მისი ბიძაშვილია. ATP ტურის ერთ-ერთ უდიდეს ღონისძიებაზე გადაჭედილი კორტის წინაშე დაპირისპირება და ფინალის გარემო ძალიან შორს იყო ტეხასის A & M უნივერსიტეტში ჩატარებული მატჩებისგან, როცა ისინი, 2018 წელს, გვერდიგვერდ თამაშობდნენ და ემზადებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ, ვაშეროს მსგავსად, ფინალში განუთესავის სტატუსით მოხვდა რინდერკნეშიც. შესაბამისად, ATP-ის მასტერსის სერიის ტურნირების ისტორიაში ფინალში ორი განუთესავი ჩოგბურთელი მესამედ დაუპირისპირდა.
კვალიფიკაციის შემდეგ, 26 წლის ვაშერომ ლასლო ჯერეს, ალექსანდრ ბუბლიკს, ტომას მაჰაკს და ტალონ გრიკსპურს მოუგო და მონაკოს წარმომადგენელი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც მასტერსის სერიის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა. შემდეგ მან ჰოლგერ რუნე და შანხაის მასტერსის 4-გზის ჩემპიონი, ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სერბი ლეგენდა ტრავმით თამაშობდა.
ტიტულის მოგებისა და 1000 ქულის მიღების შემდეგ, ვაშერო ATP-ის რეიტინგში 164 პოზიციით დაწინაურდება და ხვალიდან მსოფლიოს მე-40 ჩოგანი იქნება - მსოფლიო რეიტინგის ტოპ-100 ჩოგბურთელში კარიერაში პირველად მოხვდება.
ასევე საინტერესოა, რომ აქამდე კარიერულად ჯამში 594 077 აშშ დოლარი ჰქონდა გამომუშავებული, ჩინეთში ჩემპიონობით კი თითქმის 2-ჯერ მეტი - 1 124 380 აშშ დოლარი მიიღო.