ჟოზე მოურინიო რეალთან კონტაქტს და მითუმეტეს შეთანხმებას კატეგორიულად უარყოფს.
შაბათს პორტუგალიელი ბენფიკასთან ერთად ამ სეზონის ბოლო მატჩს გამართავს ეშტორილის წინააღმდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო მადრიდის რეალში დაბრუნებასთან არის ახლოს, შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მხარეები მხოლოდ სეზონის დასრულებას ელოდებიან იმისთვის, რომ გარიგება დაადასტურონ.
„ბენფიკას ახალი კონტრაქტი ოთხშაბათს, ჩემს აგენტს ჟორჟე მენდეშს გადაუგზავნეს, თუმცა მისი გადახედვა, გაანალიზება და შესწავლა არ მოვისურვე. ამის გაკეთება მხოლოდ კვირის შემდეგ შემეძლება, როცა ამ სეზონის ბოლო მატჩი ჩატარებული გვექნება.
კონტაქტები რეალთან? არა, ჩემი აგენტი მხოლოდ ბენფიკას შეხვდა და მითხრა, ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზეს და გამოგიგზავნიო. მე კი ვუპასუხე, რომ ჯერ არ მინდა და ეს კვირას გააკეთოს.
რაც შეეხება რეალს, ჩემამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა, თუმცა რომც მოსულიყო, ანალოგიურ პასუხს გავცემდი. მომავალზე ფიქრს მხოლოდ კვირიდან დავიწყებ." - აღნიშნა „განსაკუთრებულმა".