მეორე ბუნდესლიგის მე-7 ტურში ბუდუ ზივზივაძის ჰაიდენჰაიმმა საკუთარ მოედანზე კაიზერსლაუტერნი მიიღო, თუმცა გულშემატკივარმა გოლები ვერ იხილა და შეხვედრა 0:0 დასრულდა.
მართალია, ქართველი ბომბარდირი ამჯერად თადარიგში დარჩა, თუმცა თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ჩაერთო და მოედანზე 45 წუთი გაატარა. ბუდუს გამორჩეული საგოლე მომენტები არ შეუქმნია, მაგრამ წინა ხაზში საკმაოდ აქტიურად მოქმედებდა.
Sofascore-ის მონაცემების მიხედვით, ზივზივაძის გამოსვლა 6.2 ქულით შეფასდა. ამ დროის განმავლობაში მან ბურთთან 20-ჯერ შეხება მოასწრო და 2 მწვავე (საკვანძო) გადაცემაც შეასრულა. მისი 12 პასიდან 8 ზუსტი გამოდგა (67%), საჰაერო ორთაბრძოლებში კი 5-დან 2 შემთხვევაში გამარჯვებული დარჩა.
მიუხედავად ქულების დაკარგვისა, ჰაიდენჰაიმი 14 ქულით სატურნირო ცხრილში მაინც მაღალ, მე-3 პოზიციას ინარჩუნებს. რაც შეეხება ბუდუს, მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 7 ჩატარებულ მატჩში 3 გატანილი ბურთია.
ზივზივაძისა და მისი გუნდის მომდევნო გამოცდა 17 ოქტომბერს, სტუმრად ვოლფსბურგის წინააღმდეგ შედგება.