საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (სეოკ) ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ქართველი სპორტსმენების ფიცის დადებისა და გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა.
სენეგალის დედაქალაქი დაკარი ახალგაზრდულ ოლიმპიადას 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. წლევანდელ ტურნირში მსოფლიოს 205 ქვეყნის 2655 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მედლებისთვის სპორტის 25 სახეობაში იბრძოლებენ.
საქართველოს სპორტული დელეგაცია წარმოდგენილი იქნება 13 ათლეტით, რომლებიც სპორტის 9 სახეობაში (მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა) იასპარეზებენ.
ფიცი ქვიშაზე მოჭიდავე ლუკა მახარაძემ დადო, ხოლო საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი ვაჟა გენგაშვილი იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული ისტორია აქვს. 2010 წლიდან მოყოლებული (სინგაპური, ნანკინი, ბუენოს-აირესი) ჩვენმა სპორტსმენებმა ჯამში 10 მედალი (1 ოქროს, 6 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს) მოიპოვეს, მათ შორის ერთადერთი ჩემპიონი 2018 წელს ბუენოს-აირესში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე გახდა.
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით შემდეგი სპორტსმენები იასპარეზებენ:
ფარიკაობა - გიორგი ურუშაძე
მშვილდოსნობა - დავით ბასილაძე
უშუ - გვანცა ქარჩავა
ცურვა - ანასტასია მიქელაშვილი - 100 მ, თავისუფალი სტილი, დაჩი მესხიშვილი - 100 მ, თავისუფალი სტილი
კრივი - ემილ ისმაილოვი - 55 კგ
ტაეკვონდო - შოთა ზედგენიძე - 63 კგ
ძიუდო - ვაჟა გენგაშვილი - 81 კგ
ქვიშის ჭიდაობა - დავით მძევაშვილი - 60 კგ, ლუკა მახარაძე - 70 კგ, ბოგდან კვანტალიანი - 80 კგ, ნურადინ მუსტაფაევი - 90 კგ
მძლეოსნობა - ნინო გოგიტიძე - 200 მ