დინამო თბილისის 19-წლამდელთა გუნდი უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის 2025-26 წლების სეზონის გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გამოეთიშა.
ჩვენი გუნდი დინამო მინსკთან საერთო ჯამში დამარცხდა იმ ფონზე, რომ პირველი შეხვედრა 2:0 ჰქონდა მოგებული.
51-ე წუთზე, თბილისელთა 16 წლის მეკარე დაჩი ჩოჩოშვილმა არტემ ვოსკობოინიკოვს პენალტი აუღო და ნულოვანი ფრე შენარჩუნდა, თუმცა ხუთიოდ წუთში იმავე ვოსკობოინიკოვმა შეაგდო, 68-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა გააკეთა და ალეკსეი ჟეჩკომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
90 წუთის შემდეგ, თამაში პირდაპირ პენალტების სერიაში გადავიდა - ბელარუსებმა 4-ვე დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ქართველთაგან კი მიზანს ლაზარე ნათენაძისა და შოთიკო დიაკონიძის თერთმეტმეტრიანებმა ვერ მიაღწია.
ასე რომ, ახალგაზრდული ლიგის მთავარ ეტაპზე გავიდა დინამო მინსკი, რომელმაც ყაზახეთის ჩემპიონ ორდაბასს, ბულგარეთის ჩემპიონ ლუდოგორეცსა და საქართველოს ჩემპიონ დინამო თბილისს მოუგეს ისე, რომ ყველა მათგანთან 2-2 მატჩი მათსავე მოედანზე ჩაატარეს.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ჩვენმა წარმომადგენელმა უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალამდე გააღწია - აქამდე ნებისმიერ ქართულ გუნდს ერთი ეტაპიც არ ჰქონდა გადალახული.
დავით გელაშვილის გუნდმა საკვალიფიკაციოს პირველ ეტაპზე ბოსნიური ჟრინსკი დაამარცხა (1:1 და 3:0), მეორე რაუნდში კი კვიპროსულ აეკ ლარნაკას აჯობა (4:3 და 2:0).
19-წლამდე ოქროს ლიგის 2025 წლის სეზონში გაჩემპიონების შედეგად, დინამო თბილისის ეს ასაკობრივი გუნდი საქართველოს უეფა-ს მთავარ საკლუბო ტურნირზე მომავალ წელსაც წარადგენს.