გურამ კაშიას სლოვან ბრატისლავამ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი ლიგის ფაზის დასრულებამდე 1 ტურით ადრე დაკარგა.
სლოვაკური ფეხბურთის გრანდმა ჩრდილო მაკედონიურ შკენდიასთან სტუმრად 0:2 წააგო, გიბრალტარული ლინკოლნის მიერ ჩეხურ სიგმასთან მოგების შემდეგ კი საპლეიოფო, 24-ე ადგილი სლოვანისთვის უკვე მიუწვდომელია.
კონფერენს ლიგის 5 ტურში ვლადიმირ ვაისისა და გურამ კაშიას გუნდს მხოლოდ 3 ქულა აქვს - ესპანურ რაიო ვალეკანოს 2:1 მოუგეს (ერთ-ერთი გოლი სწორედ გურამმა შეაგდო).
სლოვანს 3-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს - ჩემპიონატში რუჟემბეროკთან და ბოლოადგილოსან კოშიცესთან დამარცხდნენ, დღეს კი თამაში შკენდიასთან დათმეს.
ბრატისლაველები მომდევნო თამაშს, სლოვაკეთის ჩემპიონატის ეგიდით, საჩემპიონო ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ სანდრო ნარიმანიძის ჟილინას უმასპინძლებენ. სლოვანი ლიდერია, მე-3 ადგილოსან ჟილინას 2 ქულით ნაკლები აქვს.