ორი უტიტულო სეზონის შემდეგ რეალი შემადგენლობის განახლებას შეუდგა.
მადრიდელები ამ ზაფხულს აქტიურ სატრანსფერო კამპანიას ატარებენ და იმ პრობლემებს აგვარებენ, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.
სამეფო კლუბის მიმდინარე მუშაობას სამი მთავარი თავისებურება გამოარჩევს:
1. გუნდის აწყობა მწვრთნელის გემოვნებით
ფლორენტინო პერესი მწვრთნელს პროექტის მთავარ ფიგურად იშვიათად მიიჩნევდა, თუმცა ჟოზე მოურინიო ერთადერთი გამონაკლისია. დენზელ დუმფრისი, ბერნარდუ სილვა, მარკ კუკურელია და კარლოს ესპი სწორედ პორტუგალიელის მოთხოვნით ან მასთან შეთანხმებით დაიმატეს. გარდა ამისა, მოურინიომ პერესი როდრის ტრანსფერზეც დაიყოლია. რეალი მწვრთნელს მზა ფაზლს აღარ სთავაზობს, არამედ შემადგენლობას მის ტაქტიკურ ხედვას ურგებს.
2. პროფილების ზუსტი შერჩევა
ბოლო წლებში რეალი მოთამაშეებს მხოლოდ პოზიციების მიხედვით ყიდულობდა და ფუნქციონალს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა (მაგალითად, ტონი კროოსისა და ხოსელუს წასვლის შემდეგ შესაბამისი პროფილის ფეხბურთელები არ დამატებულან). ამ ზაფხულს სიტუაცია შეიცვალა. კუკურელიას მოყვანით გუნდმა მიიღო მცველი, რომელსაც მაღალი ინტენსივობით მთელი ფლანგის დაფარვა შეუძლია, ხოლო ესპის დამატებით - ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, რომელიც ღრმად დაცული გუნდების წინააღმდეგ თამაშის სცენარს სრულიად ცვლის.
3. გამოცდილი ფეხბურთელებისა და ლიდერების დამატება
წლების განმავლობაში რეალის პოლიტიკა 23 წლამდე ფეხბურთელების ყიდვაზე იყო ორიენტირებული. თუმცა, ვეტერანების წასვლის შემდეგ გასახდელში ლიდერების დეფიციტი შეიქმნა. ამ ზაფხულს დამატებული 5 ფეხბურთელიდან 4 (ბერნარდუ სილვა, კუკურელია, კონატე, დუმფრისი) 27 წელზე უფროსია, კლუბი ასევე მუშაობს 30 წლის როდრის ტრანსფერზე. მადრიდელები ახალგაზრდებზე უარს არ ამბობენ, თუმცა მათ გვერდით უკვე ჩამოყალიბებული, მაღალი დონის ლიდერები მოჰყავთ.
მართალია, სწორი გადაწყვეტილებებიც კი მყისიერ შედეგს ყოველთვის არ იძლევა, თუმცა ფაქტია, რომ მადრიდის რეალი ამ ზაფხულს სრულიად განსხვავებულად მოქმედებს და იმ პრობლემების უმეტესობის მოგვარებას ცდილობს, რომლებიც კლუბში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაგროვდა.