საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ხორვატიის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩში მე-6 წუთზე დაწინაურდა. ვახტანგ ჯვარაშვილის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, ხორვატებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს. მე-16 წუთზე ხორვატების მხრიდან ანგარიში კუსტურამ გაათანაბრა, პირველი ტაიმი კი 1:1 დასრულდა.
23-ე წუთზე მეტოქე გუნდი წინ გავიდა. თავი უგომ გამოიჩინა, ჩვენი გუნდის მეორე გოლი კი 35-ე წუთზე ვახტანგ კეკელიამ გაიტანა, რომელმაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრების მეკარე, ალი ასლანი დასახელდა, რომელმაც ხორვატიის წინააღმდეგ 33 დარტყმა მოიგერია, მათ შორის 38-ე წუთზე დანიშნული პენალტი.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს საქართველოს ნაკრები 28 იანვარს ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართავს. გადამწყვეტ მატჩში მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება.
2 ტურის შემდეგ ჩვენს ჯგუფში ასეთი სიტუაციაა:
1. საფრანგეთი - 4 ქულა
2. ლატვია - 3 ქულა
3. ხორვატია - 2 ქულა
4. საქართველო - 1 ქულა
ჯგუფიდან 1/4 ფინალში 2 გუნდი გადის.