საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი წევრი, გოდერძი შველიძე ბორჯღალოსნების ახალ მთავარ მწვრთნელ პიერ-ანრი ბრონკანზე საუბრობს.
ცნობისთვის, შველიძე ამჟამად შერკინების მწვრთნელია ბრივში, რომელსაც ჯერ კიდევ ბრონკანი უდგას სათავეში.
"ბრონკანი სელექციის დიდი მოყვარულია და მოთამაშეებს ნებისმიერ დონეზე აქტიურად აკვირდება. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მორაგბე ელიტარულ ჩემპიონატში თამაშობს თუ არა. ვიცი, რომ დიდი 10-ის გარდა, პირველი ლიგის მატჩებსაც ადევნებს თვალს. უმნიშვნელო დეტალებსაც დიდ ყურადღებას აქცევს.
საქართველოს ნაკრების სისტემა ძირითადად ძლიერ მორკინალებსა და კარგ 3/4-ის მოთამაშეებზე იყო აწყობილი. ბრონკანის სტილი ჩვენს სათამაშო სტილს კარგად შეეფერება. გამოცდილი, კვალიფიციური მწვრთნელია და, ვფიქრობ, საქართველოს ნაკრენთან ერთად წარმატების მიღწევა შეუძლია. თუმცა, მნიშვნელოვანია, სწორი მოლოდინები შევიქმნათ", - განაცხადა შველიძემ სოციალურ მედია FreeRugby-სთან ინტერვიუში.
ვიცით, რომ პიერ-ანრი ბრონკანი ჩვენს ნაკრებს სეზონის დასრულების შემდეგ, ივლისიდან ჩაიბარებს, იქამდე კი მის მოვალეობას მისივე ასისტენტი, იტალიელი მარკო ბორტოლამი შეასრულებს.