მონტენეგროში მიმდინარე კრივის 15-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე, 1/2 ფინალური ეტაპის საგზური და, შესაბამისად, გარანტირებული მედალი 4-მა ქართველმა მოიპოვა - საბა კერძევაძემ, თორნიკე სიმონიშვილმა, ელენე ქარჩავამ და ლიზა ლობჟანიძემ.
44 კგ. წონითი კატეგორიის 1/4 ფინალში, საბა კერძევაძემ უკრაინელი ივან ვერეშჩაკა დაამარცხა, 1/2 ფინალში გავიდა და ჩვენი ნაკრების პირველი წარმომადგენელი გახდა, ვინც მიმდინარე ტურნირზე მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა.
თორნიკე მიმინოშვილმა, 40 კგ. წონითი კატეგორიის 1/4 ფინალში, სლოვაკეთის წარმომადგენელ კრისტიან მეზესს მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ჩვენს ნაკრებს კიდევ ერთი მედალი ელენე ქარჩავამ გაუნაღდა - 48 კგ. წონით კატეგორიის 1/4 ფინალში, ინგლისელ ჯიდაფა კეტტლეს აჯობა და 1/2 ფინალში იჩხუბებს.
ასევე 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა ლიზა ლობჟანიძემ, რომელმაც 66 კგ. წონითი კატეგორიის 1/4 ფინალში ისრაელის წარმომადგენელ ალექსანდრა კერდოლის მოუგო.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი გარანტირებული აქვს, მათი სინჯები კი დარჩენილი ბრძოლების შედეგად გაირკვევა.
ჩვენი გუნდი ევროპირველობაზე 14 მოკრივით გახლდათ წარმოდგენილი. ტურნირი 26 ოქტომბერს სრულდება.