იტალიური მედიის, TUTTOmercatoWEB-ის ინფორმაციით, ფროზინონეს პრეზიდენტი მაურიციო სტირპე გიორგი კვერნაძის შენარჩუნებას გაუმჯობესებული პირობებით გეგმავს.
23 წლის ქართველს მიმდინარე ხელშეკრულება 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს კლუბთან და მისი წლიური ანაზღაურება 200 000 ევროს შეადგენს. ახალი შეთავაზების მიხედვით, ხელმძღვანელობა მზადაა, ეს თანხა ხუთჯერ გაზარდოს და 1 მილიონ ევრომდე აიყვანოს. წყარო იუწყება, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება განიხილოს.
მიმდინარე სეზონში ქართველი გარემარბი მართლაც შესანიშნავად გამოიყურება. იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 10 შეხვედრაში (836 წუთი) მან 3 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა მიითვალა და 1 პენალტიც გამოიმუშავა. ამას ემატება იტალიის თასზე ნათამაშები ერთი მატჩი, სადაც 2 გოლით და 1 ასისტით გამოირჩა. სტატისტიკის ასეთი გაუმჯობესების ფონზე, Transfermarkt-მა კვერნაძის საბაზრო ღირებულება გააორმაგა და 4-დან 8 მილიონ ევრომდე გაზარდა.
პროფესიულ დონეზე ქართველს იბერიაში, თელავსა და დინამო ბათუმში უთამაშია. იტალიურ გუნდში ის 2023 წლის ზაფხულში ფოთის კოლხეთიდან იჯარით გადაბარგდა, 2024 წლის ზაფხულიდან კი ფროზინონეს სრულუფლებიანი წევრია.