ჩილეში მიმდინარე ფეხბურთის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალისტები გაირკვა - 6-გზის ჩემპიონი არგენტინა შეხვდება მაროკოს, რომელიც ფინალურ მატჩს პირველად ითამაშებს.
არგენტინელებმა, 1/2 ფინალში, კოლომბიის ნაკრებს, ინტერ მაიამის შემტევ მატეო სილვეტის გოლით, მოუგეს (1:0) და ფინალის საგზური ისტორიაში მე-8-ედ მოიპოვეს. ტიტული 1979; 1995; 1997; 2001; 2005 და 2007 წლებში აქვთ მოგებული, 1983-ში კი ფინალი ბრაზილიასთან დათმეს.
მაროკოელებმა 1/2 ფინალური ეტაპიდან საფრანგეთის უძლიერესი ნაკრები პენალტების სერიით გამოთიშეს - ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 დასრულდა.
ნიგერიისა და განას შემდეგ, მაროკო მე-3 აფრიკული ნაკრებია, რომელიც 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს და შეეცდება გახდეს კონტინენტის მე-2 წარმომადგენელი, რომელიც ტიტულს მოიგებს - განამ ეს, მე-3 ცდაზე, 2009 წელს გააკეთა (1993-ში და 2001-ში ფინალში დამარცხდნენ), ხოლო ნიგერიას ორი ფინალი აქვს წაგებული (1989 და 2005 წლებში).
ინფორმაციისთვის დავამატოთ, რომ წინა, 2023 წლის გათამაშება ურუგვაის ტრიუმფით დასრულდა - ტიტული ისტორიაში პირველად იტალიელთა დამარცხებით მოიგეს.
არგენტინისა და მაროკოს ფინალური შეხვედრა 20 ოქტომბრის გამთენიის 03:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟის ყურება ფიფა-ს ოფიციალურ საიტსა და აპლიკაციაში უფასოდაა შესაძლებელი.