კილიან მბაპეს ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე მადრიდში ვარაუდობდნენ.
L'Equipe-ის ინფორმაციით, ფრანგი ვარსკვლავი მინიმუმ მომდევნო 3 მატჩს გამოტოვებს, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. არსებობს რისკი, რომ მბაპემ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპიც კი გამოტოვოს, თუ რეალი ბენფიკას ბარიერის გადალახვას შეძლებს.
თავად ფეხბურთელს არ სურს გარისკოს და ტრავმის გაუარესების ფასად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. თუ ის თამაშს ნაადრევად განაახლებს, არსებობს რეალური საშიშროება, რომ დაზიანება გაურთულდეს და მოედანს ძალიან დიდი ხნით ჩამოშორდეს.
წყარო ხაზს უსვამს, რომ მბაპეს მუხლის ისეთი დისკომფორტი აქვს, როგორიც კარიერაში აქამდე არასდროს არ ჰქონია. ფაქტობრივად, ბოლო სამი კვირაა ფრანგი „ცალი ფეხით თამაშობდა".
აღსანიშნავია, რომ რეალის მთავარ მწვრთნელს, ალვარო არბელოას, ბენფიკასთან ხვალინდელ მატჩში მბაპეს ძირითად შემადგენლობაში დაყენება სურდა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ბოლომდე მზად არ იქნებოდა, თუმცა ბოლო ტესტებმა აჩვენა, რომ ეს შეუძლებელია.