ინგლისში ორი მამაკაცი გახდა პირველი, ვინც ე.წ. „ტეილგეიტინგის“ ახალი კანონის დარღვევისთვის გასამართლდა. ინციდენტი გასულ თვეში, კარაბაოს თასის ფინალზე მოხდა.
ფეხბურთის მატჩზე უბილეთოდ შეპარვა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
საფეხბურთო მატჩებზე უნებართვო შეღწევის შესახებ ახალი კანონმდებლობა ძალაში უემბლიზე გამართულ მანჩესტერ სიტისა და არსენალის შეხვედრამდე (22 მარტი) შევიდა. პოლიციამ სამი პირი დააკავა, რომელთაგან ორს უკვე გამოეწერა სამწლიანი საფეხბურთო დისკვალიფიკაცია.
კამალ მაკევანს, დისკვალიფიკაციასთან ერთად, 471 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა, ხოლო ალექს კლარკი 1,862 ფუნტით დააჯარიმეს უნებართვო შეღწევისა და „A კლასის“ ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის. ორივე განაჩენი უილესდენის მაგისტრატთა სასამართლომ 10 აპრილს გამოიტანა. მესამე პირი სასამართლოს წინაშე 1 მაისს წარდგება.
„ეს ახალი კანონმდებლობა უკვე ახდენს რეალურ და მყისიერ გავლენას“, - განაცხადა უემბლის სტადიონის დირექტორმა, მარკ ლინჩმა. მისი თქმით, აქამდე ბილეთის გარეშე შეპარვის მცდელობაზე სპეციფიკური სისხლისსამართლებრივი სასჯელი არ არსებობდა, რაც უსაფრთხოების სამსახურს დიდ პრობლემებს უქმნიდა.
მეტროპოლიტენის პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა, პიტ დირდენმა კი აღნიშნა, რომ ეს განაჩენები მკაფიო გზავნილია ყველასთვის: ანტისოციალური და კრიმინალური ქცევა ფეხბურთზე დაუსჯელი არ დარჩება.