ალ ჰილალი და ვესტ ჰემი კრისენსიო სამერვილის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
კლუბებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გარიგების ფიქსირებული ღირებულება 55 მილიონი ფუნტია, ხოლო დამატებითი ბონუსებით თანხა კიდევ 5 მილიონი ფუნტით გაიზრდება.
მთლიანობაში ტრანსფერის ღირებულება 70 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს. ფეხბურთელს მალე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც ის საუდის არაბეთის პრო ლიგის კლუბს ოფიციალურად შეუერთდება.
ნიდერლანდების ნაკრების გარემარბისთვის ასევე მზად არის გრძელვადიანი კონტრაქტი, რომელიც საბოლოო ადმინისტრაციული პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება.
24 წლის სამერვილის ვესტ ჰემიდან წასვლა მოსალოდნელი იყო მას შემდეგ, რაც ლონდონური კლუბი გასულ სეზონში ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
The Athletic-ის ინფორმაციით, ვესტ ჰემი ფეხბურთელის გასაშვებად დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს ითხოვდა. მისი მოქმედი კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2029 წლამდე იყო გათვლილი.
ამ თვეში რომამ სამერვილის სანაცვლოდ 46 მილიონი ევროს (39.12 მილიონი ფუნტი) შეთავაზება გააკეთა. ფეხბურთელის სიტუაციით ასევე ინტერესდებოდნენ მანჩესტერ იუნაიტედი და ასტონ ვილა.
სამერვილი ნიდერლანდების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 26-კაციან განაცხადშიც მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მხოლოდ ივნისში, ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.
ტურნირზე მან 4 შეხვედრაში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 2 საგოლე გადაცემა, თუმცა მაროკოსთან 1/32-ფინალის პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
სამერვილი ვესტ ჰემში 2024 წელს ლიდსიდან გადავიდა და ლონდონური კლუბის მაისურით 56 მატჩი ჩაატარა.
გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 34 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ზაფხულს ვესტ ჰემიდან უკვე გადავიდა მატეუს ფერნანდეში, რომელმაც 85 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ ტოტენჰემს მიაშურა.
ამავდროულად, გუნდის კაპიტანმა ჯაროდ ბოუენმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა და საკუთარი მომავალი ვესტ ჰემს დაუკავშირა.