ალბასეტეს მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტო გონსალესმა, ბარსელონას ნახევარმცველ ფერმინ ლოპესთან მიმოწერის შესახებ ისაუბრა.
დღეს ესპანეთის თასის 1/4 ფინალში სეგუნდა დივიზიონის გუნდი სწორედ კატალონიურ გრანდს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ წინა ეტაპზე ალბასეტემ ტურნირიდან მადრიდის რეალი გამოთიშა.
„როდესაც მან რეალის დამარცხება მომილოცა, შემთხვევით ვისარგებლე და ვუთხარი: „ფრთხილად იყავით, რადგან შემდეგი თქვენ შეიძლება იყოთ“. მოგვიანებით, როცა წილისყრამ ერთმანეთს დაგვაპირისპირა, კვლავ მივწერეთ ერთმანეთს. ფერმინი ბარსადან ჩემი საყვარელი მოთამაშეა, რაღაც მხრივ მე ის ლინარესში ჩამოვაყალიბე.
ბარსელონა ფავორიტია, ის ლიდერი და უფრო მაღალი დონის გუნდია, თუმცა თასზე შედეგები ხშირად არაპროგნოზირებადია. ჩვენი საქმის კარგად შესრულებით მათი შეჩერება შეგვიძლია. პირველი ნაბიჯი მათი შეტევების მოგერიებაა, შემდეგ კი უნდა გვესმოდეს, რომ შანსები აუცილებლად გვექნება, თუნდაც ცოტა,“ — განაცხადა გონსალესმა.