მარია შარაპოვა ჩოგბურთის დიდების დარბაზის წევრი გახდა.
ერთ-ერთი, ვინც შარაპოვა დიდების დარბაზის წევრად წარადგინა, მისი კარიერის მთავარი მეტოქე, სერენა უილიამსი აღმოჩნდა.
„ვიცი, ალბათ, ბოლო ადამიანი ვარ, ვისაც აქ დღეს საღამოს ელოდით, სიმართლე რომ გითხრათ, რამდენიმე წლის წინ მეც ალბათ იმავეს ვიტყოდი.
რამდენიმე თვის წინ მარიამ მომწერა, რომ ლაპარაკი სურდა... როცა დავურეკე, მკითხა, თუ შევძლებდი დიდების დარბაზში მის წარდგენას. სანამ კითხვას დაასრულებდა, მაშინვე, ხმამაღლა და მთელი გულით ვუთხარი „დიახ“. იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, ეს მარიაა."
შარაპოვამ ხუთი გრანდ სლემის ტიტულიდან პირველი სწორედ უილიამსთან მოგებით მოიპოვა: 6-1, 6-4 გამარჯვება უიმბლდონის ცენტრალურ კორტზე, რომელმაც შარაპოვა მსოფლიო საზოგადოებას გააცნო.
„დღემდე ამას თავისი კარიერის მთავარ მომენტად მოიხსენიებს და დღემდე ამას ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მარცხად ვთვლი." - თქვა უილიამსმა
„სერენამ ჩემთვის თამაშის დახვეწაზე მეტი გააკეთა, მან ჩემი თვითშეგნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა.“ - თქვა შარაპოვამ.
„მე და მარია ოდესღაც უდიდესი მეტოქეები ვიყავით, ჩვენ ჩვენი განსხვავებები გვქონდა – სამყაროს თვალში თითქოს ერთმანეთისგან ძალიან დაშორებული ვიყავით, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ასე არ იყო. ჩვენ ზუსტად ერთი და იგივე გვინდოდა, ზუსტად იმავე დროს - ვყოფილიყავით საუკეთესოები. აი, ამიტომაც იყო ჩვენი მეტოქეობა ასეთი დამუხტული და ლეგენდარული.
ჩემი კარიერის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე იყო, ვინც მაიძულებდა, კორტზე ყოველი გასვლისას საუკეთესო ვყოფილიყავი. მარია შარაპოვა ერთ-ერთი მათგანი იყო. ყოველ ჯერზე, როცა მის სახელს ჩემ გვერდით ვხედავდი კენჭისყრის ბადეში, ვრწმუნდებოდი, რომ ვარჯიში უფრო ინტენსიურად გამეგრძელებინა. ეს გრძნობა კი საერთო იყო." - თქვა უილიამსმა.
„ეს ნამდვილი საჩუქარია, როცა ვინმე მოტივაციას გაძლევს, რომ მწვერვალებს მიაღწიო. სამუდამოდ მადლობელი ვიქნები იმისთვის, რომ მე მუდმივად საუკეთესოდ უნდა მეთამაშა. ჩვენ ორივემ ვიცოდით, რომ სხვა გზა არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ მთელი გულით გვებრძოლა... ორივეს წაგებაზე მეტად არაფერი არ გვძულდა ამ სამყაროში, და ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთის ყველაზე დიდი დაბრკოლება ვიყავით ტიტულამდე მისასვლელ გზაზე.“ - თქვა შარაპოვამ თავის სამადლობელ სიტყვაში.
მარია შარაპოვა არის 12 მოთამაშიდან ერთ-ერთი, რომელმაც ღია ეპოქაში ერთეულთა თანრიგში კარიერული გრანდ სლემი შეასრულა - როდ ლეივერი, მარგარეტ კორტი, ბილი ჯინ კინგი, კრის ევერტი, მარტინა ნავრატილოვა, შტეფი გრაფი, ანდრე აგასი, სერენა უილიამსი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი, მარია შარაპოვა და ნოვაკ ჯოკოვიჩი.
შარაპოვა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი 21 კვირის განმავლობაში იყო, მან ჯამში 36 ტიტული მოიგო, საიდანაც 5 გრანდ სლემი და 14 მასტერსი იყო, ასევე მან ერთხელ შემაჯამებელი ტიტულიც მოიპოვა.