არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ირანელი ფეხბურთელის ხსენებაზე გულშემატკივართა აბსოლუტურ უმრავლესობას ალი დაეი ახსენდება. მშვიდი ხასიათის, მაღალი, გაწონასწორებული, ლიდერის თვისებების მქონე შემტევი, რომელიც 13 წლის განმავლობაში ფლობდა საერთაშორისო საფეხბურთო რეკორდს - სანაკრებო გოლების ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მსოფლიოში.
სხვადასხვა ფაქტორებმა ალი დაეი არამარტო სამშობლოსა და აზიის კონტინენტზე, არამედ მთელი პლანეტისთვის ცნობად და პოპულარულ ფეხბურთელად აქცია. პირველ რიგში, ეს მისი ხსენებული რეკორდია, რომელიც 2021 წლის სექტემბერში პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ დაამხო, 2024 წლის კოპა ამერიკაზე კი მისი 109-გოლიანი მაჩვენებელი ლიონელ მესიმაც გაიმეორა.
ყველაზე მეტ სანაკრებო გოლების რაოდენობაში ირანელ ლეგენდას სწორედ ეს ორი უდიდესი მოთამაშე უსწრებს, რომლებიც თავ-თავიანთ მონაგარს ჯერ კიდევ აუმჯობესებენ.
მაგრამ ეს გაუმჯობესებული რეკორდი არ აუფერულებს ალი დაეის სახელს, ის ხომ ირანის ეროვნული ნაკრების სახეა, როგორებიც საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის ხრისტო სტოიჩკოვი, გეორგე ჰაჯი ანდა ჯორჯ ბესტი არიან.
დაეიმ კარიერა 19 წლის ასაკში, მშობლიურ ქალაქ არდაბილის კლუბ „ესთეყლალში“ დაიწყო, სადაც ხუთი წელი სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში გაატარა. დიდ გუნდში ნათამაშები ერთი სეზონის შემდეგ ის ჯერ „ტაქსირანის“ შეუერთდა, სადაც ასევე ერთი სეზონი დაჰყო, შემდეგი ოთხი წელი კი „ბანკ ტეჯარატში“ ითამაშა.
ამის შემდეგ იყო სახელოვანი „პერსეპოლისი“ (1994-1996) და ყატარული „ალ-სადი“ (1996-1997), რის მერეც ირანელმა თავდამსხმელმა გერმანიას მიაშურა.
როგორც ამბობენ, თავისი ეპოქის მრავალი აზიელი თუ ახლო აღმოსავლელი მოთამაშისგან განსხვავებით, ალი დაეი ევროპაში ბედის ცდას არ შეუშინდა. იმის მიუხედავად, რომ ბილეფელდის „არმინიაში“, მიუნხენის „ბაიერნსა“ და ბერლინის „ჰერტაში“ განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია (თუ არ ჩავთვლით ერთ ბუნდესლიგურ ჩემპიონობასა და გერმანიის ერთ მოგებულ თასს), იგი ბრწყინავდა ირანის ნაკრებში და გერმანული სტადიონებისგან განსხვავებით, საშინაო სარბიელზე უხვად გაჰქონდა სანაკრებო გოლები.
ყველაზე შედეგიანი წელი ალი დაეის სანაკრებო კარიერაში 1996 წელია. ირანელმა ათიანმა 18 მატჩში 22-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი, საიდანაც აღსანიშნავია 5 გოლი შრი ლანკასთან, ორი პოკერი კი ნეპალსა და სამხრეთ კორეასთან.
გამორჩეული იყო მომდევნო, 1997 წელიც, როდესაც ფეხბურთელმა 17 მატჩში 9-ჯერ შეარხია მეტოქე გუნდების ბადე და ოცწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნული გუნდის მუნდიალზე გასვლაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
მეჰდი მაჰდავიკია, ქარიმ ბაღერი, ხოდადად აზიზი, ჰამიდ ესტილი, ალი-რეზა მანსურიანი, აჰმედ-რეზა აბედზადე - ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ალი დაეის მხარდამხარ ირანის ნაკრების ისტორია დაწერეს და მუნდიალზე პირველი გამარჯვება იზეიმეს, თანაც ქვეყნისთვის ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან - შეერთებული შტატების გუნდთან. ლიონში ამერიკელთა ძლევა არ იყო მხოლოდ მოგებული მატჩი და სამი ქულა, ეს საკმაოდ სიმბოლური, ისტორიული, პოლიტიკურად დატვირთული და ხმაურიანი გამარჯვება იყო - როგორც მას უწოდებენ: „მატჩი, რომელშიც ფეხბურთმა მოიგო“.
2000 წელს ალი დაეიმ ეროვნული ნაკრების შემადგენობაში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 20 გოლი მიითვალა, სამი წლის შემდეგ კი ფერენც პუშაშის 84-გოლიანი რეკორდი მოხსნა და ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო მეგოლე გახდა.
ირანის ნაკრების მაისურით უკანასკნელი, 109-ე გოლი ალი დაეიმ 2006 წლის მარტში, 37 წლის ასაკში, კოსტა რიკას ამხანაგურ თამაშში გაუტანა. იმავე წლის მუნდიალზე მის მონაწილეობას სამშობლოში უამრავი კრიტიკოსი ჰყავდა: ლეგენდად ქცეულ ფეხბურთელს მოუწოდებდნენ, ახალგაზრდებისთვის დაეთმო დრო და ადგილი და ნაკრებიდან წასულიყო, თუმცა ვეტერანმა ფეხბურთელმა პოზიცია არ შეიცვალა და კაპიტნის რანგში ითამაშა გერმანიის მინდვრებზე, ეროვნულ გუნდს კი ამის შემდეგ გამოეთხოვა.
„თიმ მელიში“ (ირანის ნაკრების მეტსახელი) ალი დაეიმ 1993-2006 წლებში ითამაშა და 148-ჯერ მოირგო ეროვნული გუნდის მაისური. სწორედ ირანის ნაკრებში შთამბეჭდავმა ასპარეზობამ მოუტანა მას საერთაშორისო სახელი და დიდება, რითიც სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში.
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი
03 თებ, 2024
კომენტარები