ირანის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ლოს-ანჯელესში გამართული მატჩების შემდეგ, SoFi-ს სტადიონის გასახდელში სამადლობელი წერილი დატოვა.
ბელგიასთან ფრედ (0:0) დასრულებული დაძაბული შეხვედრის შემდეგ, გუნდმა მასპინძელ ქალაქს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა.
ირანის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე სპეციფიკურ პირობებში იმყოფება: ტურნირის განმავლობაში მათი ბაზა ტიხუანაშია (მექსიკა) და შეხვედრებზე აშშ-ში სპეციალური რეისებით დადიან, რაც ქვეყანაში ყოფნასთან დაკავშირებულ გარკვეულ შეზღუდვებს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ამირ გალენოიმ, არაერთხელ გააკრიტიკა დაწესებული რეგულაციები და აღნიშნა, რომ მისი გუნდი იმ სირთულეებს აწყდება, რაც სხვა ნაკრებებს არ შეხებიათ.
წერილში, რომელიც ირანის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა, ეწერა:
„ათასობით წლის წინანდელი უძველესი სპარსეთიდან დღევანდელ ცივილიზებულ ირანამდე, ირანის სული რჩება ცოცხალი და ურყევი. ჩვენ ლოს-ანჯელესში სიამაყით ჩამოვედით, ვიასპარეზეთ პატივით და მას ღირსებით ვტოვებთ. მადლობა, ლოს-ანჯელეს, სტუმართმოყვარეობისთვის და მადლობა ყველა ირანელს, ვინც გული, ხმა და სული დადო ირანისთვის ამ 180 წუთის განმავლობაში. დაე, მშვიდობამ, პატივისცემამ და მეგობრობამ გაიმარჯვოს ყველა ერს შორის.“

ირანმა ჯგუფურ ეტაპზე ორი მატჩი უკვე ჩაატარა (ფრე ახალ ზელანდიასთან და ფრე ბელგიასთან). ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი გუნდი სიეტლში, ეგვიპტის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, სადაც პლეი-ოფში გასვლისთვის იბრძოლებს.