ჩაბი ალონსომ ხეტაფესთან 1:0 მოგებული თამაში შეაფასა.
მატჩის ერთადერთი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა, რომლისთვისაც ეს ლა ლიგის მე-9 თამაშში მე-10 გოლი იყო.
„ვინისიუსმა თამაშზე კარგი გავლენა იქონია. მის მიერ გამოწვეულმა ბარათებმა, ცვლილებებმა და თამაშის მიმდინარეობამ მოგვცა ის უპირატესობა, რომლითაც ვისარგებლეთ. ეს კარგი მაგალითია იმის, რომ ყველა მნიშვნელოვანია. არდამაც დადებითი გავლენა მოახდინა თამაშზე, რომელმაც მბაპე კარგი პასით იპოვნა.
ხეტაფესთან გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, უნდა შეძლო ბრძოლა და ხასიათის გამოვლენა. ასევე უნდა იცოდე ისიც, რომ ალბათ, ყველაზე ლამაზი თამაშის ჩვენება გაჭირდება.
ჩვენ საკუთარ მიზნებზე ვიყავით კონცენტრირებულები და ცოტა წვალებაც მოგვიწია.
როცა გუნდი ცხრა ფეხბურთელით თამაშობს, არ უნდა ექმნებოდეს ისეთი მომენტები, როგორიც ბოლოს ხეტაფეს ჰქონდა. ბურთი დავკარგეთ და ცუდი პოზიციები დავიკავეთ, მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა. თუმცა, სამი ქულით მეტი გვაქვს. მთავარი ეს არის და დანარჩენს გავაანალიზებთ.
ვერ ვიტყოდი, რომ მბაპეზე ვართ დამოკიდებულები. იმის თქმა შემიძლია, რომ მისით ძალიან კმაყოფილები ვართ. ის თამაშზე თავისი გოლებით და ჩართულობით დიდ გავლენას ახდენს. მისი გოლების უკან ბევრი სხვა რამ დგას და ეს მნიშვნელოვანია." - აღნიშნა რეალის მწვრთნელმა.