უეფას ევროპის U21 ჩემპიონატის სტარტს 11 ივნისს, სლოვაკეთში იღებს. ჩემპიონობისთვის კი 16 გუნდი იბრძოლებს, მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც.
ევრო 2025 - საქართველოს U21 ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ფაბიან რუისი, ვიტინია, დიოგუ კოშტა, დანი ოლმო, ჯონათან ტა - ეს იმ მოთამაშეების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბოლო გათამაშებებში გამოიჩინეს თავი, თუმცა ვინ იქნებიან გამორჩეულები წლევანდელ ტურნირზე?
UEFA-ს ოფიციალური გვერდი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების სიას გვთავაზობს, რომლებსაც უნდა დავაკვირდეთ.
ჯობ ბელინგემი (ინგლისი)
ჯუდ ბელინგემის 19 წლის ძმამ, რომელიც ამ სეზონში სანდერლენდს პრემიერ ლიგის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა, დაამტკიცა, რომ ის რეალის მეტად შეტევაზე ორიენტირებული ნახევარმცველისგან მეტად განსხვავებული მოთამაშეა.
ჯობ ბელინგემი ტურნირის დაწყებამდე უკვე ოფიციალურად გახდა დორტმუნდის ბორუსიას ფეხბურთელი და ძმის მსგავსად ინგლისიდან კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

ხავი გერა (ესპანეთი)
2003 წელს დაბადებული ხავი გერა ვალენსიადან უნდა იცოდეთ, სადაც ის გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელი იყო. მან გასულ ორ სეზონში ღამურების შემადგენლობაში 36 მატჩი ჩაატარა და გუნდში ღირებული ადგილი დაიკავა.
შრომისმოყვარე ნახევარმცველი, რომელსაც გოლების გატანაც ეხერხება, მოსალოდნელია, რომ ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება, ფურია როხა კი მასთან ერთად მე-6 ტიტულისთვის იბრძოლებს.

ლუკა კოლეოშო (იტალია)
დინამიურმა ვინგერმა კოლეოშომ, რომელმაც 2023 წელს U19 ევრო მოიგო, სწრაფი განვითარება გააგრძელა და ამ სეზონში ბარნლისთან ერთად პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა. 19 წლის ლუკა ფლანგზე მისი სისწრაფითა და უშიშარი დრიბლინგით გამოირჩევა.

ჯოვანი კენდა (პორტუგალია)
ახალგაზრდა ვინგერი მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე რუბენ ამორიმის უკანასკნელი მთავარი პროექტის ნაწილი იყო სპორტინგში. U17 ევროზე შთაბეჭდილების მოხდენის შემდეგ, კენდამ თავი პორტუგალიის სუპერ თასზე გამოიჩინა, სადაც მისი გუნდი დამარცხდა, თუმცა მან თავის სადებიუტო პროფესიონალურ სეზონში განაცხადი გააკეთა.
18 წლის ყოველმხრივმა ვინგერმა უკვე 54 მატჩი ჩაატარა სპორტინგში, რომელმაც ზედიზედ მეორედ მოახერხა ჩემპიონატის მოგება და პორტუგალიის თასის გამარჯვებულიც გახდა.

კილიან სილდილია (საფრანგეთი)
სილდილია, რომელმაც ფრაიბურგის შემადგენლობაში ბუნდესლიგაში პირველი ორი გოლი ამ სეზონში გაიტანა, სლოვაკეთში ჟერარ ბატიკლის დაცვის ბურჯი იქნება. მარჯვენა მცველმა, რომელიც ფრაიბურგში 2020 წელს მეციდან გადავიდა, საკვალიფიკაციო ეტაპის 8-დან 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის 2024 წლის ოლიმპიადაზე ვერცხლისმედალოსანიც გახდა, სადაც გვინეის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.
სილდილია და მისი გუნდი საქართველოს ნაკრებსაც დაუპირისპირდებიან და მის დასაკვირვებლად კიდევ ერთი მიზეზი გვექნება.

ვლადისლავ ვანატი (უკრაინა)
ბოლო წლებში მისი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, ვანატი ზედიზედ ორი სეზონია უკრაინის პრემიერ ლიგის ბომბარდირია. მან გასულ სეზონში 14 გოლი გაიტანა, წელს კი დინამო კიევის შემადგენლბოაში 17 გოლი მიითვალა და გუნდს ბოლო 4 სეზონში პირველი ტიტული მოაგებინა.
ვანატი უკვე ეროვნული გუნდის წევრიცაა და ევრო 2024-ზეც იყო ნაკრებთან ერთად, შემოდგომაზე კი ჩეხეთისა და ბელგიის წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა.

ნიკ ვოლტემადე (გერმანია)
ამ სეზონის გერმანიის თასზე, სადაც შტუტგარტმა 18-წლიანი უტიტულო გვალვა დაასრულა, მან ყველა ეტაპზე შეძლო გოლის გატანა. ვერდერიდან გადასვლის შემდეგ, 1.98 მეტრი სიმაღლის მოთამაშემ შვაბებთან ერთად პირველ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 20 გოლში მიიღო მონაწილეობა.
მან გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც უკვე ჩაატარა პირველი შეხვედრა უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიის წინააღმდეგ.
