ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ აღიარა, რომ რეალში გატარებულმა წარუმატებელმა პერიოდმა გული ძალიან დასწყვიტა.
ესპანელმა სპეციალისტმა მადრიდული კლუბი 2025 წლის მაისში ჩაიბარა, ხოლო 2026 წლის იანვარში თანამდებობიდან დაითხოვეს.
„რა თქმა უნდა, იარა დამრჩა, თუმცა ის ნელ-ნელა ხორცდება. ეს უკვე წარსულია და ახლა ძალიან მოტივირებული ვარ, რათა შემდეგი ნაბიჯი გადავდგა - ზუსტად ისევე, როგორც მაშინ, როდესაც რეალში ვიწყებდი მუშაობას. დროა წინ წავიდეთ.
უკან რომ ვიყურები, ვხედავ როგორც პოზიტიურ მომენტებს, ისე იმას, რაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი და ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო უკეთესად, რადგან, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ველოდით.
ჩელსიში მოსვლა იდეალური მომენტი აღმოჩნდა როგორც კლუბისთვის, ისე ჩემთვის. ბოლო პერიოდში გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა. სიტუაცია არ არის ისეთი ცუდი, როგორიც გასული სეზონის ბოლოს ჩანდა - დიდ პოტენციალს ვხედავ. ხელახლა ვიგრძენი, რომ მაქვს შანსი, მწვრთნელობით სიამოვნება მივიღო.
ძალების აღსადგენად დრო დაჭირდა, რადგან მწვრთნელი ენერგიით უნდა იყოს სავსე. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ვნება და ჟინი თითოეულ ვარჯიშსა თუ მატჩის გეგმაში ჩავდო. ამ პერიოდში ფეხბურთს თითქმის არც ვუყურებდი. დროს ძირითადად საკუთარ თავსა და განცდებს ვუთმობდი. იმედგაცრუებებიდან ბევრ რამეს სწავლობ და გჯერა, რომ საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორდება“, - განაცხადა ალონსომ.