ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ნორვეგიასთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში განცდილი მტკივნეული მარცხი გუნდმა მომავლისთვის დამატებით მოტივაციად უნდა გამოიყენოს.
მისი თქმით, მიუხედავად იმედგამაცრუებელი ტურნირისა, ეს „ახალი ციკლის დასაწყისია“.
„ცხადია, ყველანი ძალიან იმედგაცრუებულები ვართ იმის გათვალისწინებით, რაც მოხდა. არ ვფიქრობ, რომ საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი გვქონდა, მაგრამ კარგი ტურნირი ნამდვილად ჩავატარეთ.
ჩემი აზრით, დღეს გამარჯვებასაც ვიმსახურებდით,“ - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიონზე“, ნორვეგიასთან 2:1 მარცხის შემდეგ.
შეხვედრის ბედი ბრაზილიის მიერ მატჩის დასაწყისში გაფუჭებულმა პენალტმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა, ბრუნო გიმარაეშის დარტყმა მეკარემ მოიგერია.
ამის შემდეგ ერლინგ ჰალანდმა მატჩის მიწურულს 2 გოლი გაიტანა, ხოლო ნეიმარის მიერ დამატებულ დროში ზუსტად შესრულებული პენალტი მხოლოდ პრესტიჟის გოლი აღმოჩნდა.
„ასეთი მარცხი უნდა გადაამუშავო და მიიღო. ეს ჩვენთვის ახალი თავგადასავალი იყო. ახლა უნდა გავაგრძელოთ შრომა, დავიმკვიდროთ ადგილი გუნდში და მუდმივად გავუმჯობესდეთ,“ - დაამატა ანჩელოტიმ, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს ერთ წელზე ცოტა მეტი ხნის წინ ჩაუდგა სათავეში და რომლის მთავარი მიზანიც ქვეყნის მე-6 მსოფლიო ტიტულის მოპოვება იყო.
იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე აკავშირებს და მან კატეგორიულად უარყო ვარაუდი, რომ თანამდებობას დატოვებს.
„არ ვფიქრობ, რომ ეს დასასრულია. პირიქით, ვფიქრობ, ეს ახალი ციკლის დასაწყისია,“ - განაცხადა 67 წლის მწვრთნელმა.
ვფიქრობ, ამ შემადგენლობით ბრაზილიას შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლომდე ბრძოლა, დღევანდელ მატჩში მომხდარის მიუხედავად.
ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონობის მოლოდინი უკვე 28 წელს გადააჭარბებს - „სელესაოს“ ბოლო ტიტული 2002 წელს, იაპონია/სამხრეთ კორეის მუნდიალზე აქვს მოპოვებული.
მიმდინარე ტურნირზე მერვედფინალში გამოთიშვა ბრაზილიისთვის ყველაზე ცუდი შედეგია 1990 წლის შემდეგ, როდესაც იმავე ეტაპზე არგენტინასთან დამარცხდა.
„რაც შემიძლია ვთქვა, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ და რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, არის ის, რომ კვლავაც ბევრს ვიმუშავებთ ეროვნული ნაკრებისთვის, გავაგრძელებთ პროგრესს და ახალი იდეების ძიებას,“ - აღნიშნა ანჩელოტიმ.
ვფიქრობ, კარგი სამუშაო შევასრულეთ, მაგრამ ეს ფეხბურთია და ეს სპორტია. ასეთ დროს უბრალოდ უნდა მიიღო მარცხი, გაუმკლავდე იმედგაცრუებას და წაგების სიმწარეს.
მსგავსი სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის. ამასაც გავუმკლავდებით და მომავალში დამატებით მოტივაციად გამოვიყენებთ.“