კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გაახანგრძლივა.
იტალიელმა სპეციალისტმა ნაკრები 2024-25 წლების სეზონის ბოლოს, მადრიდის რეალიდან წასვლის შემდეგ ჩაიბარა.
მიუხედავად იმისა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიამ ექვსი მარცხი განიცადა, ანჩელოტიმ კონმებოლის (CONMEBOL) ზონაში მეხუთე ადგილის დაკავება და საგზურის მოპოვება მაინც შეძლო. მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები შოტლანდია, მაროკო და ჰაიტი იქნებიან. იტალიელი მწვრთნელის მიზანია, დაეხმაროს ქვეყანას 2002 წლის შემდეგ პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში.
ანჩელოტიმ აღნიშნა, რომ ერთი წლის წინ ჩამოსვლისთანავე გააანალიზა, თუ რას ნიშნავს ფეხბურთი ამ ქვეყნისთვის. მისი თქმით, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად მუშაობა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რათა ნაკრები კვლავ მსოფლიო მწვერვალზე დაბრუნდეს.
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატის ხუთგზის გამარჯვებულია, თუმცა ბოლო ორ ტურნირზე გუნდმა ასპარეზობა მეოთხედფინალურ ეტაპზე, ბელგიასთან და ხორვატიასთან მარცხით დაასრულა.