ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ნეიმარი იაპონიასთან დრამატულ მატჩში მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.
მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ვარსკვლავი მეორე ტაიმში აქტიურად ხურდებოდა და ჰიუსტონის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი მის გამოჩენას ელოდა, იტალიელმა სპეციალისტმა ტაქტიკური გეგმა ბოლო მომენტში შეცვალა.
ანჩელოტის თქმით, ნეიმარის ჩართვა 60-ე ან 65-ე წუთზე იგეგმებოდა, თუმცა ბრაზილიის მიერ ანგარიშის გათანაბრების შემდეგ, მან რისკზე წასვლა აღარ ისურვა.
მატჩის მიმდინარეობისას გეგმა შევცვალეთ. როცა კაზემირომ გაათანაბრა, გუნდმა თამაშზე კონტროლი მოიპოვა და არ მსურდა იმ ტაქტიკური სტრუქტურის დარღვევა, რომელიც კარგად მუშაობდა. ნეიმარს რეალურად დამატებითი დროისთვის ვინახავდით
იტალიელი სპეციალისტის რისკმა და ნეიმარის სკამზე დატოვებამ გაამართლა, რადგან სათადარიგო სკამიდან ჩართულმა გაბრიელ მარტინელიმ 96-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა და ბრაზილიას დამატებითი 30 წუთის თამაში აარიდა თავიდან. ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განსაკუთრებით აღნიშნა გუნდის სათადარიგო სკამის სიღრმე და მეტოქის ორგანიზებულობა შეაქო.
დრამატული გამარჯვების შემდეგ, ბრაზილიამ მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც კვირას, ნიუ-ჯერსიში, ნორვეგიასა და კოტ-დ'ივუარს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მომდევნო მატჩის წინ ნეიმარის ფიზიკური კონდიციები და მისი სათამაშო დრო კვლავ მთავარ განსახილველ თემად რჩება.