17 წლის ქართველი თავდამსხმელი ანდრია სვანიძე საფრანგეთის ასაკობრივ ჩემპიონატებში შესანიშნავად ასპარეზობს და ნიცას 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
სანაკრებო პაუზის დროს ლიგა 1-ის ნიცამ შვეიცარიულ კარუჟთან დახურული ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ფრანგული გუნდის მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.
ამ შეხვედრაში ნიცას პირველი გუნდის რიგებში სათამაშო დრო 17 წლის ქართველმა ფორვარდმაც მიიღო, რომელმაც მოედანზე მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშა.
აღნიშნული დაწინაურება სვანიძემ 19-წლამდელთა ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგიანი თამაშით დაიმსახურა. ნიცა Championnat National U19-ის D ჯგუფში გამოდის, სადაც მონაკო, მარსელი, სენტ ეტიენი, მონპელიე და ბასტია ასპარეზობენ. ექვსი ტურის შემდეგ ნიცას აქტივში 4 გამარჯვება და 2 მარცხია, რითაც გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს.
აღსანიშნავია, რომ სვანიძე მარსელის მაროკოელ ფორვარდ ზიად ბაჰასთან ერთად ჩემპიონატის ბომბარდირთა დავის ლიდერია. მის ანგარიშზე 6 შეხვედრაში გატანილი 8 გოლია. ახალგაზრდა ქართველმა ფორვარდმა აგვისტოში ბორგოსა და კოლომიეს კარში ზედიზედ ორი ჰეთ-თრიკი შეასრულა, სექტემბერში ბალმას გაუტანა, ხოლო 4 ოქტომბერს სენტ ეტიენის წინააღმდეგაც გამოიჩინა თავი.
187 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრფორვარდი გენგამის ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, გასულ სეზონში ნიცას 17-წლამდელთა ღირსებას იცავდა, ხოლო მიმდინარე სეზონიდან 19-წლამდელებში დააწინაურეს მას შემდეგ, რაც 17 მატჩში 18 გოლი გაიტანა. ნიცას U19 გუნდი მომდევნო შეხვედრას 11 ოქტომბერს, ბასტიას წინააღმდეგ გამართავს.