პრემიერ ლიგის არსებობის ისტორიაში, ერთ კონკრეტულ სტადიონზე მოჰამედ სალაჰზე შედეგიანი არავინ ყოფილა.
ნიუკასლთან 4:1 მოგებულ შეხვედრაში, ეგვიპტელმა ვარსკვლავმა საგოლე პასი მიითვალა და ენფილდზე თავისი შედეგიანი ქმედებების (გოლი+ საგოლე პასი) რაოდენობა 152-მდე გაზარდა.
ამ მაჩვენებლით სალაჰმა ტიერი ანრი (ჰაიბერიზე — 151 შედეგიანი ქმედება) და უეინ რუნი (ოლდ ტრაფორდზე — ასევე 151 შედეგიანი ქმედება) ჩამოიტოვა.
ამრიგად, ამიერიდან სალაჰი აღნიშნული რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი და პრემიერ ლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნიუკასლის წინააღმდეგ სალაჰს უკვე 10 გოლი და 10 საგოლე პასი დაუგროვდა და ის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ კონკრეტულ მეტოქესთან გოლისა და ასისტების გრაფაში ორნიშნა რიცხვებზე შეძლო ასვლა. ამისათვის ეგვიპტელს კაჭკაჭების წინააღმდეგ მხოლოდ 19 მატჩის ჩატარება დასჭირდა.