ლევან კორღალიძემ, გორის დილას მთავარი მწვრთნელის რანგში, პირველი პრესკონფერენცია გამართა.
"ძალიან დიდი პატივია, ვიყო ისეთი წარმატებული გუნდის მთავარი მწვრთნელი როგორიც გორის დილაა. მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას ნდობისთვის, ჩვენი ამბიციები ერთმანეთს დაემთხვა და აქ ძალიან დიდი მოტივაციით მოვედი.
დილას თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი და ძალიან მომწონდა ის შემტევი სტილი, რაც ამ გუნდს ჰქონდა. რა თქმა უნდა, ხარვეზები ყველა გუნდს აქვს, რაც არ უნდა კარგი იყოს, ასეა დილაშიც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ხარვეზები რაც შეიძლება მალე აღმოვფხვრათ.
ზოგადად, არ ვარ მომხრე, გუნდში რამე რადიკალურად შევცვალოთ, დილა ისედაც ბოლო წლების ერთ-ერთი წარმატებული გუნდია. ვეცდები, ამ წარმატებას პატარ-პატარა დეტალები შევმატო, რაც უფრო მეტად წარმატებულს გახდის ამ კლუბს. ეს გათავისებული მაქვს.
რაც შეეხება ევროტურნირებს, არასდროს მრცხვენია იმის აღიარება, რომ ჩემი გამოცდილება არ იყო პოზიტიური, მაგრამ წარმატება წარუმატებლობის გარეშე არ მოდის. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე ვინ იქნება, თუმცა ვეცდებით წელს რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.
ეროვნულ ლიგაში ჩვენი მიზანი მაქსიმალურად მეტი მატჩის მოგებაა. იბერიაში 30-მატჩიანი წაუგებელი სერია გვქონდა, შევეცდებით, ეს შედეგი აქაც გავიმეოროთ", - განაცხადა 46 წლის სპეციალისტმა.
დილაში ახალგაზრდა მწვრთნელის სადებიუტო მატჩი დღესაა - ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ტორპედოს შეხვდებიან. ამჟამად გუნდის აქტივში 19 ქულაა, რაც ლიდერ იბერიას მონაგარზე 5-ით ნაკლებია.
კორღალიძე გორულ კლუბში ფეხბურთელობისას 5 თვის განმავლობაში თამაშობდა და კარიერა სწორედ მის რიგებში დაასრულა - 2014 წლის მაისში.