ლაიფციგში, კონფერენს ლიგის ფინალური მატჩის წინ, კრისტალ პალასისა და რაიო ვალეკანოს ფანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის გამოც პოლიცია იძულებული გახდა საქმეში ჩარეულიყო.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს რადიკალურად განწყობილი ჯგუფები, ისვრიან სკამებსა და შუშის ბოთლებს, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრის პოვნას ცდილობს. არეულობა ერთ-ერთი ირლანდიური ბარის წინ დაიწყო, სადაც შავ მაისურებში გამოწყობილი მამაკაცების გამოჩენისთანავე სიტუაცია მალევე უმართავი გახდა.
გერმანიის პოლიციამ სპეცეკიპირებითა და ამბოხის საწინააღმდეგო აღჭურვილობით ჯგუფების დაშლა მოახერხა და რამდენიმე ინგლისელი გულშემატკივარი დააკავა. ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გერმანული მხარის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედებათ, რაც გერმანული კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია.
ყველა მათგანს მკაცრი საპოლიციო პროცედურები ჩაუტარდა, რაც პიროვნების იდენტიფიცირებას, ჩხრეკასა და სრულფასოვან ფოტოფიქსაციას მოიცავს. მიუხედავად ამ ინციდენტისა, კრისტალ პალასი თავის ისტორიაში პირველი ევროპული ტიტულის მოსაგებად ემზადება. გამარჯვების შემთხვევაში, ოლივერ გლასნერის გუნდი მომავალ სეზონში ევროპა ლიგის საგზურსაც გაინაღდებს.
თუ პალასი თასს აღმართავს, ის გახდება მესამე ინგლისური კლუბი, ვინც ეს შეძლო ვესტ ჰემისა (2023) და ჩელსის (2025) შემდეგ. გლასნერმა აღნიშნა, რომ გუნდის ევროპა ლიგაში გაყვანა მისი საუკეთესო გამოსამშვიდობებელი საჩუქარი იქნება.
მატჩი ლაიფციგის რედ ბულ არენაზე დღეს, 27 მაისს გაიმართება.