მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები ტრადიციული, მთლიანად თეთრი ფორმით ითამაშებს, არგენტინა კი მოედანზე ლურჯი, სათადარიგო მაისურებით გავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფორმის შეცვლა თავად არგენტინულმა მხარემ მოითხოვა.
თომას ტუხელის გუნდს მიმდინარე მუნდიალზე თითქმის ყველა მატჩში (პანამასთან შეხვედრის გარდა) თეთრი ფორმა ეცვა. არგენტინაც სულ ტრადიციული, ზოლიანი მაისურით თამაშობდა, თუმცა ნახევარფინალისთვის მუქი ლურჯი ეკიპირება აირჩია.
ეს გადაწყვეტილება წარსულის სიმბოლურ გამეორებას ჰგავს. სწორედ ლურჯი ფორმით ითამაშა არგენტინამ ინგლისის წინააღმდეგ 1986 წლის მეოთხედფინალში, როცა დიეგო მარადონამ თავისი ცნობილი „ღმერთის ხელით“ და ისტორიული სოლო რეიდით გაიტანა. ლურჯი ფორმა ეცვათ მათ 1998 წლის მუნდიალზეც, როცა ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხეს, დევიდ ბექჰემმა კი დიეგო სიმეონესთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო (სხვათა შორის, სიმეონეს შვილი, ჯულიანო, ახლა არგენტინის განაცხადშია).
ამასთან, ოთხშაბათის მატჩი ატლანტაში ლიონელ მესისთვის კარიერაში პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. მესი, კილიან მბაპეს მსგავსად, 8 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და შეეცდება, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში თავისი რეკორდი (21 გოლი) კიდევ უფრო გაზარდოს.