კანადაში გაჩენილი ტყის ხანძრების გამო, ნიუ-იორკი და მისი შემოგარენი სქელმა, ნარინჯისფერმა კვამლმა მოიცვა.
ვინაიდან მატჩი კვირას, ნიუ-ჯერსიში მდებარე MetLife Stadium-ზე უნდა გაიმართოს, ჰაერის დაბინძურების გამო გაჩნდა ეჭვი, საერთოდ დაიწყება თუ არა ესპანეთისა და არგენტინის შეხვედრა დათქმულ დროს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას გარეთ აქტიური ფიზიკური დატვირთვისგან თავის შეკავება ურჩია. ექსპერტების განცხადებით, ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების გამო, გარეთ გატარებული ერთი დღე 10 ღერი სიგარეტის მოწევის ტოლფასია. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო თეთრი სახლის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო თათბირს მართავს საფრთხის შესაფასებლად. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით ამერიკაში MLS-ისა და ქალთა ლიგის მატჩები მიმდინარე კვირაში უკვე გადაიდო.
მიუხედავად ამისა, პროგნოზები ოპტიმისტურია. თეთრი სახლის სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელის, ენდრიუ ჯულიანის თქმით, კვირას ამინდი გამოსწორდება და კვამლი გაიფანტება. ამას ხელს შეუწყობს შაბათ-კვირას მოსალოდნელი მცირე წვიმაც, უშუალოდ მატჩის დროს კი 28 გრადუსი სიცხე და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. თუ ჰაერის ხარისხი მაინც დაბალი იქნება, მსაჯები ფეხბურთელებისთვის დამატებით წყლის შესვენებებს დააწესებენ. მატჩის გადადება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტადიონის სიახლოვეს ჭექა-ქუხილი და ელვა დაფიქსირდება.