ლონდონის არსენალმა 22-წლიანი ლოდინის შემდეგ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა ოფიციალურად იზეიმა.
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთთან ფრე ითამაშა, არსენალის ბაზაზე, ლონდონ კოლნიში, ფეხბურთელებმა და სტაფმა გიჟური წვეულება მოაწყვეს. თუმცა, ამ ისტორიული ტრიუმფის მთავარი შემოქმედი, მიკელ არტეტა, იქ საერთოდ არ ყოფილა.
სანამ დეკლან რაისი, ბუკაიო საკა და იურიენ ტიმბერი ბაზაზე გვიანობამდე ერთობოდნენ, ხოლო ათასობით ფანი ემირეიტსის სტადიონთან იან რაიტთან ერთად ზეიმობდა, არტეტამ ეს მომენტი კამერებისგან შორს გაატარა. ესპანელმა მწვრთნელმა წინასწარვე თქვა, რომ სიტის თამაშის ყურებას საკუთარ სახლში, ოჯახთან ერთად აპირებდა: „ვიცოდი, რომ ტელევიზორთან ვიჯდებოდი, მაგრამ ნერვების გამო არ ვიცოდი, რამდენ ხანს გავუძლებდი ყურებას. მოთამაშეებთან შეერთება გეგმაში არ მქონია“, - აღნიშნა მან.
ფიზიკური არყოფნის მიუხედავად, არტეტამ არსენალის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა. ის გახდა კლუბის პირველი ყოფილი ფეხბურთელი, ვინც გუნდს მწვრთნელის რანგში მოუგო პრემიერ ლიგა. გარდა ამისა, 44 წლის ასაკში ის გახდა არსენალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი მწვრთნელი, რითაც ლეგენდარულ ჯორჯ გრემს გადაასწრო. პრემიერ ლიგის ისტორიაში მასზე ახალგაზრდა ასაკში ტიტული მხოლოდ ჟოზე მოურინიოს აქვს მოგებული.
არსენალი საჩემპიონო თასს ამ კვირას, კრისტალ პალასთან გასვლით მატჩში აღმართავს, რის შემდეგაც გუნდი 30 მაისს ბუდაპეშტში, პსჟ-ს წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიული დუბლის შესრულებას შეეცდება.