მადრიდის ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის მზადება ბილბაოს ატლეტიკთან გამარჯვებით (3:2) აღნიშნა.
ამ მოგებით დიეგო სიმეონეს გუნდმა ლა ლიგაში ოთხმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და თასის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ გულშემატკივარი გაახარა.
მატჩი ბასკებმა აქტიურად დაიწყეს და აიტორ პარედესის გოლით დაწინაურდნენ. ატლეტიკო პირველ ტაიმში რიტმს ვერ პოულობდა, თუმცა შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა. ალექს ბაენას ბრწყინვალე თამაშმა და ორმა საგოლე გადაცემამ მასპინძლებს უპირატესობა მოუპოვა. ჯერ გრიზმანმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი ალექსანდერ სორლოტმა დააწინაურა მადრიდელები.
შეხვედრის მიწურულს სორლოტმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა ორამდე გაზარდა. მართალია, ბოლო წამებზე გურუზეტამ ერთი გოლის გაქვითვა შეძლო, მაგრამ ბილბაოსთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. გამარჯვების მიუხედავად, სიმეონესთვის საფიქრალი პაბლო ბარიოსის მორიგი ტრავმაა, რომელმაც მოედანი ნაადრევად დატოვა.