არენამაქსი
ქვიზები
სპორტის გურუ
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტომ “ალბატროს” სტოლტმანი, 30 წლის ასაკში სთრონგმენის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ამ სახეობაში – ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მან სამჯერ დაიმსახურა მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის (World's Strongest Man) და ასევე სამჯერ ბრიტანეთის უძლიერესი მამაკაცის (Britain's Strongest Man) წოდებები.
თუმცა, შოტლანდიაში, ინვერგორდონში დაბადებული გიგანტი, ყოველთვის არ მიისწრაფოდა ამ სფეროს მწვერვალისკენ. სინამდვილეში, რომ არა ოჯახის მხარდაჭერა, მიუხედავად არაადამიანური ფიზიკური ძალისა, შესაძლოა, არც კი ეფიქრა პროფესიონალურ სპორტზე.
ტომ სტოლტმანს აუტიზმის დიაგნოზი ხუთი წლის ასაკში დაუსვეს, თინეიჯერობაში კი უკვე იგრძნო, რომ ამ დიაგნოზის გამო საზოგადოებიდან გარიყეს. Როგორც თავად იხსენებს, მუდმივად იყო ბულინგის მსხვერპლი თანატოლების და მასწავლებლების მხრიდან. იზოლაციის და განსხვავებულობის შეგრძნება, აიძულებდა უარეს სცენარებზე ეფიქრა.
The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ტომი დეტალურად ყვება რას გრძნობდა იმ დროს:
„ძალიან განვიცდიდი რომ აუტისტი ვარ. Ხანდახან საკუთარ თავზეც გავბრაზებულვარ “ასეთი” რომ ვიყავი... ვფიქრობდი, რატომ მე და არა ჩემი ძმები და დები? Რა დავაშავე?
ფეხბურთის თამაში მიყვარდა, მაგრამ გუნდიდან წამოვედი, რადგან ჩემი რამნდენიმე მეგობარი სხვაგან გადავიდა და არ ვიცოდი, სხვებთან როგორ მემეგობრა.
Ჩემი დიაგნოზიდან გამომდინარე, არ შემეძლო სხვაგან გასართობად დარჩენა, ან სადმე უბრალოდ მარტო წასვლა - ჩემს გვერდით ყოველთვის უნდა ყოფილიყო ვიღაც, და ეს ადამიანი ძირითადად დედა იყო ხოლმე.
ამ ყველაფერს ემატებოდნენ მასწავლებლები, რომლებიც გამუდმებით მიმეორებდნენ რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა რადგან “ჩვეულებრივი” არ ვიყავი.
არავინ და არაფერი მინდოდა, ვიყავი ჩაკეტილი ჩემს ოთახში და ვფიქრობდი – როგორ გამომამწყვდევდა სოციალური სამსახური რომელიმე კლინიკაში, ან როგორ ვიკლავდი თავს...”
ამ გადმოსახედიდან, რთულია თქმა, სად აღმოჩნდებოდა სტოლტმანი, ეს ფიქრები და ჩაკეტილობა რომ გაეგრძელებინა, მაგრამ საბედნიეროდ, იპოვა ის, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.
დედის დაჟინებით და უფროსი ძმის, ლუკის მხარდაჭერით, მან შეძლო ფეხზე დადგომა და იმ ადგილის პოვნა, სადაც შესაძლებელი გახდა აუტიზმის სუპერძალად ქცევა.
ლუკი – რომელიც თავადაც სტრონგმენია – იმ პერიოდში სავარჯიშოდ ადგილობრივ დარბაზში დადიოდა და პატარა ძმა თან წაიყვანა, რომ სახლიდან გამოეყვანა.
„იმ დღეს რომ არ მეთქვა - კი, წამოვალ... ან ლუკს რომ არ შემოეთავაზებინა... ვერასოდეს მოვიგებდი მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცის ტიტულს – სამჯერ მითუმეტეს. ვარჯიშმა სიცოცხლე მაჩუქა.“
სტოლტმანს მიზანი გაუჩნდა და თან დიდი ძმაც გვერდით ჰყავდა.
თავდაპირველად ვარჯიში რთული იყო – ხმაური, ხმამაღალი მუსიკა, სარკეები, უცხო სახეები – მაგრამ მალევე მიხვდა, რომ დარბაზის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოედგინა.
„ერთი სესია ორად იქცა, ორი - ხუთად, მერე კი – საბოლოოდ შემიყვარდა იქ ყოფნა.
ჩემი აუტიზმი სუპერძალად იქცა – ახალ გატაცებაში 100 პროცენტით ჩავერთე.
ვარჯიში მიზანს მაძლევდა, ხოლო ლუკი ჩემს გვერდით იდგა, არასდროს მტოვებდა და არასდროს მაძლევდა დანებების უფლებას.“
თავდაპირველად, ვარჯიში და დარბაზი უბრალოდ ჰობი იყო – გზა, რომ ნეგატიური ენერგიისგან დაცლილიყო და ფიზიკური ფორმა შეენარჩუნებინა.
თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, როცა ლუკის გამოსვლა ნახა შოტლანდიის უძლიერეს მამკაცთა ტურნირზე - Scotland's Strongest Man (სხვათა შორის, ლუკს ეს ტიტული ხუთჯერ აქვს მოგებული).
ტომი გაოგნებული უყურებდა, როგორ წევდა მისი ძმა უზარმაზარ ქვებს, როგორ ათრევდა თოკით მანქანებს – და მაშინვე მიხვდა, რომ თავადაც ამის კეთება სურდა.
ტურნირის შემდეგ მან სრულიად შეცვალა თავისი ვარჯიშის რეჟიმი, კვების წესი და მიდგომა – და 18 წლის ასაკში პირველი ტიტული მოიგო – შოტლანდიის მთიანეთის უძლიერესი მამაკაცი (Highlands Strongest Man).
ამის შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა – სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, როდესაც უკვე მონაწილეობდა შოტლანდიის და ბრიტანეთის უძლიერესი მამაკაცების ტურნირებზე.
ის ელვის სისწრაფით პროგრესირებდა, ვითარდებოდა, ძლიერდებოდა, იზრდებოდა – და ერთ დღესაც, შეშინებულმა ბიჭმა, რომელსაც საკუთარი ოთახიდან გამოსვლაც კი უჭირდა, მსოფლიოს დაპყრობა გადაწყვიტა.
2021 წელს, 27 წლის ასაკში, ტომ სტოლტმანი იგებს პირველ მსოფლიო ჩემპიონატს World's Strongest Man საკრამენტოში – და 21-ე საუკუნეში ხდება მეორე ბრიტანელი, რომელმაც ეს შეძლო (Პირველი გახლდათ ედი ჰოლი 2017 წელს).
მაგრამ საქმე მხოლოდ წარმატების მომენტში, ან გამართლებაში არ ყოფილა – სტოლტმანი მთელი ტურნირის განმავლობაში შესამჩნევად დომინირებდა.
შემდეგ წლებში მან სამჯერ მოიგო ბრიტანეთის უძლიერესი მამაკაცის ტიტული და მოიგო შემდეგი მსოფლიო ჩემპიონატიც 2022-ში, რითაც გახდა პირველი ბრიტანელი ამ სპორტის ისტორიაში, რომელმაც ტიტული დაიცვა.
2023 წლის მსოფლიოზე მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ 2024-ში კვლავ მოიგო ტიტული და მესამედ გახდა მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი.
ტომ სტოლტმანი – გოლიათი ბავშვური ღიმილით, ყოველთვის ხაზს უსვამს რომ პატარაობაში ფეხბურთი უფრო აინტერესებდა, ვიდრე სთრონგმენობა და მისი ყველა დროის უდიდესი ოცნება ნამდვილ, დიდ მოედანზე თამაში იყო.
არ უნდა დავივიწყოთ რომ იმ სამყაროში, რომელიც ტომიმ შექმნა, ოცნებები ხდება - 2022 წლის Soccer Aid მატჩში, შოტლანდიელმა მსოფლიოს ნაკრების ღირსება დაიცვა ევრასთან, რობერტო კარლოსთან, კაფუსთან, პირლოსთან და სხვა ლეგენდებთან ერთად. მეკარეობა შეითავსა და პენალტების სერიაში სამი პენალტის მოგერიებაც მოახერხა.
იმ პატარა ქალაქის შესასვლელს, სადაც ძმები დაიბადნენ და დღემდე ცხოვრობენ, აბრა ამშვენებს წაწერით - “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ინვერგორდონში - მსოფლიოს, ევროპის და გაერთიანებული სამეფოს უძლიერესი მამაკაცების, ძმები სტოლტმანების ქალაქში”
Მართალია, ეს ყველაფერი ზღაპრულ დასასრულს ჰგავს, მაგრამ ტომ სტოლტმანი მხოლოდ 30 წლისაა და იმისდა მიუხედავად რომ უკვე შეძლო საკუთარი სახელის სამუდამოდ ჩაწერა სპორტის ისტორიაში, გაჩერებას არ აპირებს და კიდევ მრავალი ტიტულისათვის აპირებს ბრძოლას.
P.S. კარგი, ხო, 30 მაისს შოტლანდიელი 31 წლის ხდება, მაგრამ აუცილებელია რომ გვახსოვდეს - როდესაც ადამიანი 400-კილოგრამიანი შტანგით ხურდება, ასაკი მხოლოდ ციფრებია!
კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია
ცოტნე ჭანკოტაძე
კომენტარები