მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა ინტერესი თორნიკე კვარაცხელიას, პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის მიმართ.
16 წლის ტალანტი თბილისის დინამოდან ცოტა ხნის წინ გერმანული გრანდის აკადემიას ეწვია, სადაც საკუთარი შესაძლებლობები მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ წარმოაჩინა.
რეკორდმაისტერის სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა დაადასტურა, რომ თორნიკემ მიუნხენში, კლუბის ბაზაზე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. მისი თქმით, ბაიერნი აქტიურად აკვირდება აღმოსავლეთ ევროპის ამომავალ ვარსკვლავებს. „დიახ, ხვიჩას ძმა ჩვენს კამპუსზე ვარჯიშობდა. ის ნიჭიერია, თუმცა ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, იქნება თუ არა ის ისეთივე კარგი, როგორიც მისი ძმაა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ფროინდმა.
თორნიკემ მიუნხენში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან მონაწილეობა მიიღო 17-წლამდელთა გუნდის ამხანაგურ მატჩში, სადაც ერთ-ერთი გოლიც გაიტანა და ტექნიკური მონაცემებით ყველას ყურადღება მიიპყრო. აღსანიშნავია, რომ მანამდე ის თბილისის დინამოს მთავარ გუნდშიც გამოიძახეს. თუმცა, ტრანსფერი ვერ განხორციელდება - ფიფას რეგულაციების თანახმად, არასრულწლოვან ფეხბურთელს (არაევროკავშირის წევრს) გერმანულ კლუბში ოფიციალურად გადასვლა მხოლოდ 18 წლის შესრულების შემდეგ შეუძლია.
ბაიერნი ახლა განიხილავს გზებს, თუ როგორ შეინარჩუნოს კონტაქტი ფეხბურთელთან მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ერთ-ერთი ვარიანტი პარტნიორ კლუბში იჯარით გაშვებაა, რათა თორნიკემ ევროპაში განვითარება განაგრძოს და გერმანული კლუბის თვალთახედვის არეში დარჩეს.